სასტუმრო “თელავი” დამფუძნებლის, შალვა ერისთავის განცხადებით, საზოგადოებაში ძალიან დიდი დაძაბულობაა და ნათესავები ერთმანეთს არიან გადამტერებული. მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ სპეცეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
მისივე თქმით, აუცილებელია რომ ეს დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ, რადგან საქართველო ერთია და გამარჯვებული მხარე არ არსებობს.
„პირადად გამოვლილი მაქვს 90-იანი წლები, რა კოშმარიც იყო. დილით რომ გამოვდიოდით, არ ვიცოდით სახლში მშვიდობით დავბრუნდებოდით თუ არა. საზოგადოებაში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. ნათესავები, ბიძაშვილები... საქართველო გახლეჩილია. ამ წუთს, ჩვენ ერთიანი საქართველო არ ვართ. პირველ რიგში, ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აუცილებლად უნდა იყოს კომპრომისები. შერიგება უნდა იყოს. მამა-შვილი, ნათესავები არიან ერთმანეთზე გადაკიდებული.
მე რეცეპტი და გამოცდილება არ მაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ვიცი, რომ ასე თუ გაგრძელდა, საშინელი გაზაფხული გველის. საშინელი გაზაფხული ელოდება ჩვენს ქვეყანას, ეკონომიკას და ყველაფერს. უარესი მოხდება და თვითონ ჩამოიშლება ყველაფერი. ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება და უნდა, რომ ეს ქვეყანა სწორ გზაზე იდგეს, ხელისუფალია, ბიზნესმენია თუ მოქალაქე, ახლა უნდა გავიყვანოთ, რადგან ჩვენ თაობას პასუხისმგებლობა აქვს, რომ გავა წლები და ჩვენი თაობა იქნება ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშეც პასუხისმგებელი. აუცილებელია, უნდა შევრიგდეთ. გამორიცხულია ჭიდაობით. ორი მხარე არ არის, ერთი საქართველოა და ვერცერთი მხარე გამარჯვებული ვერ იქნება“, - ამბობს შალვა ერისთავი.
მისი ცნობით, ტურიზმის მიმართულებით, შემოსავლებში 60-70%-იანი შემცირება აქვთ. ამიტომ, ბიზნესი ხელფასებს ვერ გადაიხდის, ამის პრობლემა უკვე აქვთ და თვის ბოლოს რა უნდა გააკეთოს არ იცის. შესაბამისად, ერისთავი ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კადრებისგან კვლავ დაიცლება ბიზნესი.