მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთი ბულინგით ცდილობს სხვადასხვა მხარე შექმნას აღქმა, თითქოს არჩევნები გაყალბდა" - კალანდარიშვილი

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრის მიერ მისთვის შავი საღებავის შესხმა ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს - ამის შესახებ კალანდარიშვილმა კომისიის სხდომის განახლების შემდეგ ისაუბრა.

"ის რაც დღეს ვნახეთ, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება. ასეთი ქმედებით, ზეწოლითა და პირადი თავდასხმებით, ფაქტობრივად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული", - ამბობს კალანდარიშვილი.

ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზოგიერთი დაინტერესებული მხარე ცდილობს, აქციების მოწყობით და სხვა ხერხებით დაარწმუნოს საზოგადოება, რომ არჩევნები გაყალბდა.

"ასეთი ბულინგით, ზეწოლით, პირად სივრცეში შეჭრით და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე, გადაფაროს ის საკითხები და შექმნას და განამტკიცოს საზოგადოებაში ის აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.

თუ სადმე რაიმე მანიპულაცია მოხდა, ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, რომელმაც პირველად მიმართა საქართველოს პროკურატურას შესაბამისის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

სხდომაზე, რომელზეც საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა, ოპოზიციონერმა წევრმა დავით კირთაძემ, კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის საღებავი შეასხა, რის გამოც სხდომა დროებით შეჩერდა.

ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა. ყველაზე მეტი მანდატი კი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები