საქართველოს მთავრობა ევროპარლამენტის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, სანქციების დაწესებით საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება.
საქმე ის არის, რომ ევროპარლამენტი დღეს იმსჯელებს რეზოლუციაზე, რომელშიც ერთი საკითხი, რასაც რეზოლუცია ითვალისწინებს არის მტკიცე მოწოდება, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ და ეფექტურად გაატაროს ზომები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს მთავრობის რუსულ პოლიტიკასთან შესაბამისობით და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებით შესახებ, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინის ომის ძალადობრივი სურათების გამოყენებაზე.
„ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და აქაც იგივე უნდა ვქნათ. პარტნიორებს უნდა ავუხსნათ და პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება ქვეყნის კეთილდღეობას და ეს ზოგადად, ევროპის კეთილდღეობის ნაწილიც არის. სანქციების აზრი არის კონკრეტული შედეგები, რომელიც დასანქცირებულის მიმართ იქნება ნეგატიური გავლენის მქონე და მასანქცირებლის მიმართ არ იქნება დამაზიანებელი.
თუმცა საქართველოში ხშირად იყო საუბარი, რომ ასეთი ტიპის სანქციების შემოღება ცალსახად იქნება დამაზიანებელი მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის, მას არ შეუძლია რაიმე უარყოფითი გავლენა მოახდინოს სანქცირებულზე და ეს, რა თქმა უნდა, არ არის არც ქართველი ხალხის და არც ქვეყნის ინტერესში. ამიტომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ჩვენი მხრიდან შეუძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას. საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი და ძირითადი საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში რჩება სამაგალითო ქვეყნად. ინდივიდუალური სანქციების შემოღება იქნება დამაზიანებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.