ამერიკის შეერთებული შტატები და მოკავშირე ევროპული სახელმწიფოები რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად კოორდინირებულად განვიხილავთ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობებს".
სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოკავშირეები ცდილობენ დარწმუნდნენ იმაში, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის დეფიციტს არ გამოიწვევს და ენერგოპროდუქტების სტაბილური მიწოდება შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ ბლინკენის განცხადებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა, ბარელი Brent-ის ფასმა 130.7 დოლარს გადააჭარბა, Crude-ის ღირებულება კი 126 დოლარს აღწევს, რაც 2008 წლის შემდეგ ბაზარზე ნავთობის ფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთის ფედერაციის იზოლირება ნავთობის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვის პრობლემას გამოიწვევს, რადგან რუსეთი ევროპის უდიდესი ენერგომომმარაგებელია.




























