მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას - მთავრობა

647da970b9a44
ინგა მურუსიძე
05.06.23 13:26
446
ამერიკული მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას, - ამის შესახებ წერია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ანგარიში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სავარაუდოდ, 30 ივნისს უნდა წარადგინოს.

„ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს. ამ მხრივ, აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენება, რომლის თანახმად, საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამერიკული მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და აშშ-იდან ინვესტიციების წახალისების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მისაღწევად, გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. 2022 წლის 21-22 ივნისს, შედგა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ ნეითანის ვიზიტი საქართველოში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 4-6 აპრილს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ბაზრების საკითხებში, არუნ ვენკატარამანი, ხოლო 2023 წლის 11 აპრილს − აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე ექსპორტის ადმინისტრირების საკითხებში, თია როზმან კენდლერი“, - ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

მთავრობის ანგარიშში საუბარია საქართველო აშშ-ის ურთიერთობებზე ზოგადად და ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ინტენსიური ძალისხმევა იქნა მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

მთავრობაში ამბობენ, რომ, ვითარდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. მაგალითად კი ანგარიშში საქართველოსა და აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტებზეა მოყოლილი.

„აღსანიშნავია, რომ 2022 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA), რომელიც ძალაში 2022 წლის დეკემბერში შევიდა, შავი ზღვის რეგიონისადმი დაფიქსირებული განსაკუთრებული ინტერესი. კანონი ხაზს უსვამს კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას შავი ზღვის ქვეყნების თავდაცვითი და მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და რეგიონის ყველა ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, შავი ზღვისთვის მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი სტრატეგიების მიღებას.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესის დავალებით, დაიწყო „აშშ-ის შავი ზღვის სტრატეგიის“ შემუშავება, რა მიზნითაც, რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, ვაშინგტონი აქტიურ კონსულტაციებს მართავს ქართულ მხარესთანაც“, - ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები