დამოუკიდებელი ექსპერტი, ციური ანთაძე ფიქრობს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრად არ შეიცვლება. ის მიიჩნევს, რომ აშშ-დან მიგრანტების მასობრივად დეპორტაციაზე შიშები, უსაფუძვლოა.
"დიდი ალბათობით, ბატონ ტრამპს მხედველობაში ჰყავს მიგრანტების ის ნაწილი, რომელიც გარკვეულ სირთულეებს უქმნიან აშშ-ს. ესენი არიან: კრიმინალები და თავშესაფრის მაძიებლები. ამ კატეგორიის მიმართ ბოლო წლებში ევროკავშირის რიგ ქვეყანაშიც (მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში
და სხვ.) ფიქსირდება მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების სურვილი. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, ვფიქრობ, მათ მიმართ უფრო ლმობიერი და დიფერენცირებული პოლიტიკა იქნება, ვინაიდან შრომითი მიგრანტები ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საქმიანობის იმ სფეროებს ავსებენ, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია ან ადგილობრივი სამუშაო ძალა უარს
აცხადებს ამ სფეროებში დასაქმებაზე. შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიმაჩნია შიშები აშშ-დან მიგრანტების მასობრივად "გამოყრაზე", - აღნიშნა ციური ანთაძემ BMG-სთან.
იმ შემთხვევაში თუ ტრამპის ადმინისტრაციამ საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა, დამოუკიდებელი ექსპერტი არ ელის, რომ ის ქართველების დიდ ნაწილს შეეხება.
"ბოლო წლებში აშშ საქართველოდან ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა. წასვლის ძირითადი მოტივებია სწავლა, ოჯახების გაერთიანება და დასაქმება. მიგრაცია სწავლისა და ოჯახების გაერთიანების მიზნით ლეგალურია და პრობლემას არ წარმოადგენს. დასაქმება ნაწილობრივ
ლეგალური სქემით ხორციელდება, დიდი ნაწილი, ადგილზე ნაცნობების მეშვეობით შოულობს სამუშაოს და ხშირად ესეც ლეგალურ ხასიათს იძენს, არალეგალთა ნაწილი კი დროის მოკლე პერიოდში
ქვეყანაში დარჩენის კანონიერ საფუძველს პოულობს (მაგ. ქორწინება) და
გარკვეული დროის შემდეგ აშშ-ის მოქალაქეებიც ხდებიან. ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა აშშ-ში ნაკლებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მაქვს მოლოდინი, რომ ტრამპის მერ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების შემთხვევაში იგი ბევრ ქართველს შეეხება", - აღნიშნა მან.
მილიარდერი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების ზრდას, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მასობრივ დეპორტაციას შეეხებოდა. ის ამბობდა, რომ ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები პირების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებდა და ეს იქნებოდა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაცია.