წელს 9 თვეში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 40%-ით შემცირდა $966 მილიონამდე შემცირდა. აქედან თითქმის განახევრებულია მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული FDI-ც, რამაც ივლის-აგვისტო-სექტემბერში 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
ქვეყნის ეკონომიკაში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ მესამე კვარტალში მეშვიდე ადგილი ეკავა. ამ დროს ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 22.3 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წლის მესამე კვარტალში 64.8 მლნ დოლარი იყო.
წლის 9 თვეში კი ამერიკული FDI-ის მოცულობა მთლიან ინვესტიციებში 74.4 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ 9 თვეში ამერიკიდან 147.4 მლნ დოლარი შემოვიდა.
BM.GE-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც III კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო. TOP-10 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:
- World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
- ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში
- შპს მაგთიკომი
- საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო
- ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
- ეი არ დი, ინკ. ფილიალი
- შპს ნათს ინქორფორეითიდ
- შპს კომპანია კაიზენის წარმომადგენლობა საქართველოში
- შპს ფარმვეი საქართველო 2023-2 ოპკო
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით