2025 წელს ჯამურად საქართველოს განათლების სექტორში ჩადებულმა FDI-მ 11,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ სექტორში გასულ წელს FDI რამდენიმე ქვეყნიდან დაფიქსირდა. თუმცა ხუთ ყველაზე მსხვილ ინვესტორებს შორის პირველ ადგილზე აშშ იყო. ხუთეულში კი გერმანია, თურქეთი, რუსეთი და გაერთიანებული სამეფო შევიდნენ.
შესაბამისი მონაცემები bm.ge-ს საქსტატიდან გამოითხოვა. ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, TOP-5 ინვესტორი ქვეყნებიდან განათლების სექტორში შემდეგი ოდენობის ინვესტიციები განხორციელდა 2025 წელს:
აშშ - 5,9 მლნ აშშ დოლარი
გერმანია - 3,2 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი - 1,4 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი - 221 100 აშშ დოლარი
გაერთიანებული სამეფო - 180 800 აშშ დოლარი
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს განათლების სექტორში 2025 წელთან შედარებით 6 მლნ აშშ დოლარით მეტის - 17,9 მლნ აშშ დოლარის FDI დაფიქსირდა. მთავარი ინვესტორი ქვეყნები თითქმის იგივე იყო.
ცნობისთვის, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი მოცულობის FDI საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, რაც 334 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად დიდ ბრიტანეთში არიან დაფუძნებული და მათი ოპერაციები საქსტატის მიერ FDI-ის სახით აღირიცხება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სექტორების მიხედვით 607 მილიონი დოლარით პირველ პოზიციას სწორედ საფინანსო სექტორი იკავებს. განათლების სექტორი კი მეცხრე ადგილზე იყო.
სექტორები, რომლებშიც 2025 წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 607 მილიონი დოლარი, ზრდა 5%;
- უძრავი ქონება — 185.7 მილიონი დოლარი, ზრდა 2%;
- ტრანსპორტი — 166.1 მილიონი დოლარი, ზრდა 58%;
- დამმუშავებელი მრეწველობა — 161.3 მილიონი დოლარი, კლება 12%;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია — 115.2 მილიონი დოლარი, ზრდა 77%;
- მშენებლობა — 95.7 მილიონი დოლარი, ზრდა 555%;
- ვაჭრობა — 52.1 მილიონი დოლარი, კლება 68%;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება — 49.7 მილიონი დოლარი, ზრდა 78%;
- განათლება — 11.7 მილიონი დოლარი, კლება 35%;
- სოფლის მეურნეობა — 4.2 მილიონი დოლარი, კლება 158%.
- დანარჩენი სექტორები — 239.9 მილიონი დოლარი, ზრდა 1%;




























