ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებების ძირითადი თემები ცნობილია. კატარის, თურქეთისა და ეგვიპტის შუამავლობით შედგენილი ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც დღეს ორი ქვეყნის დელეგაციებმა უნდა იმსჯელონ, კატარის მიერ დაფინანსებულმა მედია Al Jazeera-მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.
პირველი პუნქტი ურანის გამდიდრებას ეხება, სადაც წერია, რომ ირანმა მომდევნო 3 წლით სრულად უნდა შეაჩეროს პროცესი, მომდევნო წლებში კი ურანის გამდიდრებაზე ზედა ზღვრად 1.5% დააწესოს, რაც ბირთვული იარაღის შექმნისთვის საკმარისი არ იქნება. ამ მხრივ, ოფიციალური თეირანის პოზიცია ამჟამად დადებითია. შეგახსენებთ, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, აბას არაღჩიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანი მზად იყო ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმაზე, თუ შტატები მას სანაცვლოდ სანქციებს მოუხსნიდა.
მეორე პუნქტი გამდიდრებული ურანის არსებულ მარაგებს ეხება. შუამავლები მიიჩნევენ, რომ გონივრული იქნება, თუ ოფიციალური თეირანი არსებულ სრულ მარაგებს მესამე ქვეყანას, თუნდაც რუსეთს გადასცემს. ამ მხრივ, ირანი მეტად ფრთხილ პოზიციას იჩენს. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავს თემაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც სხვა საკითხები გადაწყდება.
მესამე პუნქტი აიათოლას რეჟიმის მოკავშირე, რეგიონის ტერორისტულ ორგანიზაციებს, ჰამასს, ჰეზბოლასა და ჰუსიტებს ეხება. ჩარჩო დოკუმენტის თანახმად, ირანმა უნდა შეწყვიტოს მათი ყოველგვარი დახმარება, იქნება ეს ფინანსური, სამხედრო თუ ტექნოლოგიური. ამ მხრივ, ოფიციალური თეირანის პოზიცია მკაფიოდ უარყოფითია და, სავარაუდოა, რომ ამ მხრივ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
რაც შეეხება ბალისტიკურ და სხვა მძლავრ რაკეტებს, რომელთა დიდ მარაგსაც ირანი ფლობს, მომლაპარაკებლები მხარეების ინიციატივაა, რომ თეირანმა ომის წარმოების მიზნით მის გამოყენებაზე უარი თქვას, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში მისი გამოყენების უფლება შეინარჩუნოს. ეს, ერთი მხრივ, დაუტოვებს აიათოლას ხელისუფლებას უფლებას, შეინარჩუნონ მარაგები, მეორე მხრივ კი, შექმნის მეტ უსაფრთხოებას რეგიონში, რადგან წინაპირობის გარეშე ირანს იარაღის გამოყენება არ შეეძლება. დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ასეთ პირობაზე ოფიციალურ თეირანს პოზიცია დაფიქსირებული არ ჰქონია, შესაბამისად, რთულია იმის თქმა, დათანხმდებიან თუ არა მსგავს ინიციატივას.
5-პუნქტიანი გეგმის ბოლო ნაწილი აშშ-სა და ირანს შორის თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებაა, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანა უარის იტყვის დაპირისპირების ძალის გამოყენებით გადაწყვეტაზე. ამ ნაბიჯით კატარელ, თურქ და ეგვიპტელ შუამავლებს სურთ ორ სახელმწიფოს შორის პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია თავიდან აირიდონ და რეგიონს სტაბილურობა დაუბრუნონ.
შეგახსენებთ, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დღეს, ომანის დედაქალაქ მუსკატში გაიმართება, სადაც ერთმანეთს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი შეხვდებიან.




























