ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შესაძლო ომის დაწყებისა და წაყენებული 1-თვიანი ულტიმატუმის ფონზე, გლობალურ ბაზრებზე ტანკერების დაქირავების ხარჯებმა მკვეთრად აიწია.
ეს ცვლილება განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ზონას შეეხო. მაგალითისთვის, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩინეთის მიმართულებით სუპერ-ტანკერის დღიური დაქირავების ღირებულება სამჯერ გაიზარდა და $151,000 დოლარს მიაღწია.
გაზრდილია ბრენტის ტიპის ნავთობის ფასიც, რომელიც ბარელზე უკვე $71 დოლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ყველაზე მოგებულ მდგომარეობაშია სამხრეთ კორეული კომპანია Sinokor-ი, რომელიც სწორედ აღნიშნულ რეგიონზე გათვლილ 120-მდე გიგანტურ ტანკერს ფლობს და ბაზარზე დომინანტ პოზიციას ინარჩუნებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები მოწმობს, რომ გლობალური ენერგეტიკული ბაზარი უკვე სრულად ემზადება საომარი სცენარისთვის და ამის ერთ-ერთი მტკიცებულება ისიც არის, რომ მექსიკის ყურიდან აზიის მიმართულებით სატრანსპორტო ტარიფები მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სპარსეთის ყურეში არსებული დაძაბული ვითარება საერთაშორისო სანავთობო ინდუსტრიას კრიტიკული მიწოდების ჯაჭვის ჩამოშლის რეალური საფრთხის წინაშე აყენებს. შეგახსენებთ, ირანი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წერტილის, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გეგმავს, თუ მასზე აშშ შეტევას მიიტანს. ეს ის სტრატეგიული ლოკაციაა, რომელზეც ნავთობის საერთო მიწოდების 20-30% მოდის.




























