აშშ-ირანის მოლაპარაკებების გაგრძელების მოლოდინში, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი დაეცა. ბარელი Brent-ის ფასი 94 დოლარია, ხოლო WTI დაახლოებით 86 დოლარად ივაჭრება, რაც რაც ერთ კვირაში 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ბაზარზე არსებული ოპტიმიზმი მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანი პაკისტანში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის საკითხს განიხილავს. მოგეხსენებათ, აღნიშნული დიალოგი მიზნად ისახავს აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებული ბლოკადის დასრულებას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას.
მიუხედავად ამისა, ვითარება კვლავ გაურკვეველია, რადგან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თეირანი მუქარის პირობებში მოლაპარაკებებს არ აპირებს.
პარალელურად, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია კვლავ შეზღუდულია. ირანის მიერ სრუტის გადაკეტვისა და აშშ-ის მიერ ირანული სატვირთო გემის დაკავების გამო, ორშაბათს ნავთობის ფასი მკვეთრად იყო გაზრდილი.




























