ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალური ქსელის პლატფორმა Truth Social-ზე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც აშშ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 5 დღით გადადებს და 2-დღიანი ულტიმატუმის პირობას გააუქმებს. პოსტში ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციას შეუწყობს ხელს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვაშინგტონსა და თეირანს შორის „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ დიალოგი შედგა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრულ დასრულებას ისახავს მიზნად.
გთავაზობთ ტრამპის განცხადების სრულ ვერსიას:
„მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გაიმართა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაპირისპირების სრულად მოგვარების თაობაზე. ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ტონისა და განწყობის გათვალისწინებით, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სამხედრო უწყებას მივეცი მითითება, ხუთი დღით გადადოს ყოველგვარი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებით გაგრძელების პირობით. გმადლობთ ყურადღებისთვის! პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი.“




























