მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის $35-ტრილიონიანი ვალი პრობლემას არ წარმოადგენს - იელენი

ჯანეტ იელენი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 35 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, დაახლოებით 50 წლის წინ, ფედერალური ვალის მოცულობა $1 ტრილიონის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა. ვალის მოცულობამ უკვე ფაქტობრივად მიაღწია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომას, თუმცა 2053 წლამდე პროგნოზირებულია, რომ ვალის მოცულობა ეკონომიკის 180%-ს მიაღწევს.

დრამატულად გაზრდილი ვალის მოცულობა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც ამერიკელი პოლიტიკოსები და ეკონომისტები განსაკუთრებით ხშირად მსჯელობენ. ცოტა ხნის წინ, ამ საკითხს აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თითქმის $35-ტრილიონიანი ვალის მოცულობა ქვეყნისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

იელენის თქმით, აშშ-ის ეკონომიკური ზრდა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვალის მოცულობამ მდგრადად მოიმატოს და ამით საფრთხე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არ შეექმნას.

მისი განმარტებით, მართალია, 35 ტრილიონი დოლარი შემზარავად ჟღერს, რადგან ამ მოცულობის ვალი არავის არასოდეს ჰქონია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ თანხის უკან დაბრუნება ამერიკის მთავრობას ერთდროულად არ უწევს და ის რამდენიმე ათწლეულზეა გადანაწილებული. როგორც იელენი აღნიშნავს, პოლიტიკოსებმა ამ რიცხვით მანიპულაცია უნდა შეწყვიტონ და ყურადღება წლიურ გადასახადზე უნდა გაამახვილონ, რომელიც საერთოდაც არ არის ისეთი კოლოსალური მოცულობის, როგორიც თავად ვალის ძირია.

მოგეხსენებათ, საპროცენტო სარგებლის მომსახურების სახით ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიარდ დოლარს იხდის. ქვეყნის მთავარი ხაზინადარი კი ყურადღებას სწორედ ამ თანხაზე ამახვილებს, რომელიც, მისი შეფასებით, არც ისე დიდია.

უნდა აღინიშნოს, რომ ვალის მოცულობასთან ერთად, წლიური საპროცენტო გადასახადიც იმატებს, 2032 წლისთვის ეს მაჩვენებელი $1.5 ტრილიონს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისთვის მთავრობას ვალდებულებების მომსახურებაზე $5.5 ტრილიონის დახარჯვა მოუწევს, რაც იმაზე მეტი თანხა იქნება, რასაც ქვეყანა ჯანდაცვის სისტემაზე ხარჯავს.

ზოგადად, ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, ასევე თავად ამერიკელი მოსახლეობის მიმართ. ამ თანხას კი მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა მთავრობა ხარჯავს იმ ფულს, რომელიც მომავალში თავად ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაისტუმრონ გადასახადებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები