ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა რუსული მეტალების შესყიდვა აკრძალეს. ახალი სანქციის დაწესების მიზანი რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების შემცირდება და რუსი ოლიგარქებისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნაა, რადგან მათი დიდი ნაწილი სწორედ ბუნებრივი რესურსების ექსპორტითაა გამდიდრებული.
მოგეხსენებათ, რუსეთი ალუმინის გლობალური ბაზრის 5%-ს, ნიკელის 6%-ს და სპილენძის 4%-ს აკონტროლებს, რაც მას ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად აქცევს.
სანქციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში ბირჟაზე ალუმინის ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა, რაც 1987 წლის შემდეგ დაფიქსირებული ზრდის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების შეფასებით, სანქციას გლობალურ ბაზარზე მინიმალური გავლენა ექნება, რადგან რუსეთი თავის პროდუქციას სხვა ბაზრებზე გადაანაცვლებს, აშშ და ბრიტანეთი კი ალტერნატიული მიმწოდებლებისგან შეიძენენ მეტალებს, რაც, საერთო ჯამში, გლობალურ ვითარებას არსებითად არ შეცვლის, ისევე როგორც ეს ნავთობის შემთხვევაში აღმოჩნდა.