რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, როდესაც აშშ და ევროკავშირი საქართველოსთან პარტნიორობას ამცირებენ, ამას ქვეყნის ეკონომიკაზეც გავლენა ექნება, რადგან ქვეყნის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოსთვის გადასაცემი 30 მლნ ევროს გაყინვას შეეხებოდა.
კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები თავის სიტყვას ასრულებენ, რომელიც პარტნიორებს შორის ურთიერთობებს „რუსული კანონის“ მიღების გავლენას შეეხებოდა.
„აშშ და ევროკავშირი ასრულებენ თავის სიტყვას. მათ თქვეს, რომ ეს აისახება ურთიერთობებზე და თუ ურთიერთობებზე აისახება, დაფინანსებაც შემცირდება. შეუძლებელია იმის ილუზია გვქონდეს, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო დაბალ დონეზე ჩამოვა და დაფინანსებას იგივე ზომით მივიღებთ, რასაც აქამდე ვიღებდით. ევროკავშირი ალბათ შეამცირებს ხელისუფლებისთვის და მთავრობისთვის, ფაქტობრივად ქვეყნისთვის განკუთვნილ პროგრამულ დაფინანსებას, ზუსტად არ ვიცით ჯერ რა თქმა უნდა, მაგრამ გამოჩნდება რომელი მიმართულებით იქნება ეს შემცირება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა და განმარტა, რომ პარტნიორების მხრიდან გაჩენილი კითხვები უცხოელი ინვესტორებისთვის ერთგვარ სიგნალს წარმოადგენს.
„ამას ეკონომიკაზეც ექნება გავლენა, რადგან ქვეყნის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როდესაც ევროკავშირი და აშშ - ეს ორი უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური აქტორები, საქართველოს უკვე სხვანაირად უყურებენ, აკრიტიკებენ და მასთან პარტნიორობას ამცირებენ. ეს ისეთ სიგნალს იძლევა რომ რეფორმები წინ აღარ წავიდეს და შეიძლება პირიქით შეიზღუდოს გარანტირებული სტაბილურობა, რომელიც არსებობდა კანონმდებლობაში და გავლენას ახდენდა ბიზნესზე, ინვესტიციებზე და ა.შ. შემცირდება სასამართლოების დამოუკიდებლობა და მონიტორინგის შესაძლებლობები - ეს ყველაფერი ბიზნესისთვის ცუდი სიგნალი იქნება, რომელიც ინვესტიციებს შეამცირებს. არ ვიცი შემცირდება თუ არა რუსული ინვესტიციები, მაგრამ ალბათ რუსულიც შემცირდება, რადგან ბიზნესი უყურებს უფრო სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოცვას“, - განმარტა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა.
კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა თითქმის ყველა სექტორში აქვს და ეს ფინანსური სახსრები არ გაუქმდება, თუმცა შემცირდება.