მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის დომინაცია, ყარაბაღი და პრიგოჟინი - ვლადიმირ პუტინის სიტყვა "ვალდაის" ფორუმიდან

ვლადიმირ პუტინი

უკრაინასთან ომში მყოფი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი “ვალდაის” საერთაშორისო ფორუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. წელს, ამ ფორუმს ასეთი დევიზი ჰქონდა: “სამართლიანი მრავალპოლუსიანობა - როგორ უზრუნველვყოთ საერთო უსაფრთხოება და განვითარება”. ასეთი სათაურის ფონზე, ცხადია, მოლოდინი იყო, რომ ვლადიმირ პუტინი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშკარად ნაკლებად ჩნდება ტელეეკრანებთან, სწორედ ზემოხსენებულ თემებზე ისაუბრებდა, თანაც ფართოდ. მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, რადგან პუტინმა ისაუბრა, როგორც რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე “ვაგნერის” ხელმძღვანელობაზე. ბევრი რამ ითქვა ფილოსოფიაზე, კოლონიალიზმსა და გლობალურ დომინაციაზე.

თუმცა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელზედაც ვლადიმირ პუტინმა “ვალდაის” ფორუმზე ისაუბრა, ყარაბაღს უკავშირდება. ყარაბაღი, მოგეხსენებათ, ოცდაათწლიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიკავა, რის შემდეგაც ტერიტორია ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ დატოვა. სხვადასხვა ინფორმაციით, ყარაბაღის ტერიტორია ასიათასობით სომეხმა დატოვა. აზერბაიჯანმა რეგიონზე შეტევა 19 სექტემბერს დაიწყო, რომელსაც ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებდა. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულად თვლიდა და ამ ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვდა. ამ პროცესში, აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთი სომეხი მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის იყო ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრი და სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, რუბენ ვარდანიანი.

როგორც ვლადიმირ პუტინი ამბობს, ოფიციალური მოსკოვი სომხეთს კომპრომისზე წასვლას ლამის თხუთმეტი წლის განმავლობაში არწმუნებდა, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება ამისთვის მზად არ იყო.

"ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ბევრჯერ შევთავაზეთ ჩვენ სომეხ მეგობრებს კომპრომისზე წასვლა. რა კომპრომისზე? ვთავაზობდით, ყარაბაღის გარშემო არსებული ხუთი რეგიონი აზერბაიჯანისთვის გადაეცათ, ორი დაეტოვებინათ და ასე, სომხეთსა და ყარაბაღს შორის კავშირი შეენარჩუნებინათ. თუმცა ჩვენი ყარაბაღელი მეგობრები, ისევ და ისევ გვეუბნებოდნენ, რომ არა, ეს ჩვენთვის გარკვეულ საფრთხეებს შექმნისო. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ აზერბაიჯანი იზრდება, ეკონომიკა ვითარდება, ეს კი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყანაა, რომელშიც ათ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. მოდი, ორი ქვეყნის პოტენციალი შევადაროთ. სანამ არის შესაძლებლობა, უნდა ვიპოვოთ კომპრომისი. ჩვენი მხრიდან კი, გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებდით და სომხეთსა და ყარაბაღს შორის არსებულ ლაჩინის კორიდორს, რომელიც ბუნებრივად ჩნდება. უზრუნველვყოფდით ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების უსაფრთხოებას. თუმცა არა, გვითხრეს რომ ამაზე ვერ წავიდოდნენ და რომ ვკითხეთ, აბა რას იზამთო, გვითხრეს, ვიბრძოლებთო. კეთილი...", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით ბოლო დროს შეიძლება გაჩენილიყო, რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მოქალაქეს, აწ უკვე გარდაცვლილ ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. პრიგოჟინი კერძო სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” დამფუძნებელი იყო. უკრაინის წინააღმდეგ ომში ვაგნერის ჯგუფმა დაამტკიცა, რომ რუსეთის არმიაზე ეფექტიანი საბრძოლო ძალა იყო, რომელიც მეტი შედეგის მიღწევას გაცილებით ნაკლები რესურსებით ახერხებდა. ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მიერ ვაგნერის ჯგუფისთვის მიწოდებული დაფინანსების მოცულობა 86 მილიარდ რუბლს შეადგენს, რაც მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. შედარებისთვის, თავად თავდაცვის სამინისტრომ ეროვნულ არმიაზე ამ პერიოდში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დახარჯა. თუმცა მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა რუსული რეჟიმის სამხედრო მაღალჩინოსნებზე იერიში მიიტანა და მათ, რეალურად, ღიად დაუპირისპირდა, მისი ცხოვრება არ წავიდა ისე, როგორც ეს ნავარაუდევი იყო. ამ ამბებიდან მალევე, თვითმფრინავი, რომელშიც პრიგოჟინი სხვებთან ერთად იმყოფებოდა, აფეთქდა.

“ვალდაის” ფორუმზე ამ თემაზე ისაუბრა ვლადიმირ პუტინმაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილთა სხეულებში აღმოჩენილი იყო ხელყუმბარის ნატეხები, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პუტინი აღიარებს, რომ თვითმფრინავზე გარეთა ზემოქმედება არ დაფიქსირებულა და ის შიგნიდან აფეთქდა. ამასთან, ვლადიმირ პუტინი ყურადღებას ამახვილეს სისხლის ნარკოლოგიურ ანალიზზე და დასძენს, რომ სამწუხაროდ, ის არ ჩატარებულა.

"დარწმუნებული ვარ ისმის კითხვა, თუ რა მოუვიდა “ვაგნერის” ხელმძღვანელობას. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ახლახან მიყვებოდა ავიაკატასტროფის შესახებ და მითხრა, რომ გარდაცვლილთა სხეულებში აღმოჩენილი იყო ხელ-ყუმბარის ნამსხვრევები. გარეთა ზემოქმედება თვითმფრინავზე არ ყოფილა, რაც საგამოძიებო კომიტეტის გამოძიებით დამტკიცდა, მაგრამ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის. გარდაცვლილთა სისხლში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების კვლევა, სამწუხაროდ, არ ჩატარებულა, მაგრამ ვიცით, რომ მომხდარი ამბების შემდეგ, კომპანიის ოფისში, პეტერბურგში, “ეფ-ეს-ბემ” აღმოაჩინა არამხოლოდ ათი მილიარდი ნაღდი ფულის სახით, არამედ ხუთი კილოგრამი კოკაინიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კარგი იქნებოდა, ასეთი გამოძიება ჩატარებულიყო", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

“ვალდაის” ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა, ცხადია, ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე, რომელიც, მისი თქმით, არ არის ომი ტერიტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ყველაზე დიდია მსოფლიოში და დასძენს, რომ შორეული აღმოსავლეთი ჯერ კიდევ ასათვისებელია, რის გამოც სხვა ტერიტორიების სამხედრო ძალით მოპოვებით რუსეთი დაინტერესებული არ არის.

ის, რასაც პუტინი ამბობს, პირდაპირ კავშირში უნდა აღვიქვათ მის კიდევ ერთ ნარატივთან, რომელიც გლობალიზაციას და მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების დომინაციას უკავშირდება. სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინი ასეთ რამეს ამბობს: “გლობალური დასავლური გავლენა უზარმაზარი სამხედრო-ფინანსური პირამიდაა, რომელსაც ფუნქციონირების შესანარჩუნებლად მუდამ ახალი საწვავი სჭირდება, მათ შორის ბუნებრივი, ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსები, რომლებიც სხვებს ეკუთვნით”. ის ასევე იხსენებს მისი პრეზიდენტობის პირველ წლებს, როცა საუბარი იყო, რომ რუსეთს NATO-ს წევრობა სურდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ეს სურვილი სწორედ ამერიკამ დაბლოკა.

"გლობალური დასავლური გავლენა უზარმაზარი სამხედრო-ფინანსური პირამიდაა, რომელსაც ფუნქციონირების შესანარჩუნებლად მუდამ ახალი საწვავი სჭირდება, მათ შორის ბუნებრივი, ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსები, რომლებიც სხვებს ეკუთვნით. ამიტომაცაა, დასავლეთს გაჩერება რომ არ შეუძლია და რომ ვერ ჩერდება და ამას არც გეგმავს. ჩვენი არგუმენტები, გონების მოხმობის თაობაზე დარიგებები და შეთავაზებები, უბრალოდ იგნორირებული იყო. ამ თემაზე საჯაროდაც მისაუბრია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. იყო დრო, როცა თქვენმა მონა-მორჩილმა თქვა, იქნებ ნატოში შევიდეთო? თუმცა არა, ნატოს ასეთი ქვეყანა არ სჭირდება. მეტი რა გავაკეთოთ? არადა გვეგონა, რომ უკვე “ჩვენიანები” ვიყავით, როგორც ჩვენთან ამბობენ, ბურჟუები. მეტი რა გავაკეთოთ, იდეოლოგიური დაპირისპირება ხომ აღარ არსებობს? რა არის პრობლემა? ალბათ პრობლემას გეოპოლიტიკურ ინტერესებში და სხვათა მიმართ ზემოდან ყურებაში უნდა ვეძებოთ. ზედმეტი თავდაჯერება, სწორედ ესაა პრობლემა", - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა "ვალდაის" ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, პუტინი გაცილებით იშვიათად ჩნდება ტელეეკრანებზე და შეიძლება ითქვას, ერთობ მოტეხილიც კი არის, რისი მიზეზი, შეიძლება იყოს, როგორც ასაკი, ასევე ისევ ის ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინაში მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები