პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვას შეუწყობს ხელს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული სწორედ ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან, აქედან გამომდინარე, ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე არის შეთანხმებული ეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე ძალიან მალე აუცილებლად შედგება. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს ამისათვის, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული სწორედ ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრას არჩევნების შემდეგ აპირებს. როგორც მან "იმედთან" ინტერვიუში თქვა, რობინ დანიგანს წინა კვირას დაურეკა და ესაუბრა.
რატომ არ ხვდებოდა ივანიშვილი პარტნიორებს?
1 ოქტომბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამერიკელ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს არ ხვდება, იმიტომ რომ მისი აზრით გაერთიანებას, რომელსაც "გლობალური ომის პარტიას" უწოდებს, აშშ-ის ხელისუფლებაზე და მათ შორის პოლიტიკოსებზე დიდი გავლენა გააჩნია.