მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით (0.50%) გაიზარდა.
გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 4.25-4.5%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, კერძოდ, ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა, თუმცა არა 50, არამედ 75-75 საბაზო პუნქტებით.
FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შერბილებულია, რაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. ცნობისთვის, ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 7.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.




























