მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის გულის ასოციაციის ჟურნალმა დაუსაბუთებლად ცნო კვლევა ელექტროსიგარეტის მიერ მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის ზრდის შესახებ და მას ვალიდაცია შეუჩერა

5e60e200608d0
შოთა ტყეშელაშვილი
05.03.20 15:19
1543
2020 წლის 18 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების გულის ასოციაციის (JAHA) სამეცნიერო ჟურნალმა დაუსაბუთებლად მიიჩნია კვლევა, რომელიც ასოციაციის ჟურნალში 2019 წლის ივნისში გამოქვეყნდა და რომელიც ახალი თაობის თამბაქოს პროდუქტებს - ელექტროსიგარეტებსა და, გახურებადი თამბაქოს პროდუქტებს მიოკარდიუმის ინფარქტის გაზრდილ რისკებს მიაწერდა.

სტენტონ გლანცისა და დჰარმა ბჰატას მიერ მომზადებულმა კვლევამ, გამოქვეყნებიდან მალევე მიიპყრო საზოგადოებისა და მედიის ყურადღება. CNN-მა, USA Today-იმ და Yahoo News-მა ის საკუთარ სტატიებში მოიხსენიეს.

თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომის მთავარი მიგნება - რომ ელექტროსიგარეტის, გახურებადი თამბაქოსა და სხვა მსგავსი პროდუქტების მოხმარება გულის შეტევის რისკებს ზრდის - არის მცდარ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნა, რის გამოც, ამერიკის გულის ასოციაციამ ამ კვლევას ვალიდაცია შეუჩერა და ის საკუთარი ჟურნალიდან მოხსნა.

კვლევის მიზანს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, კონკრეტულად კი მიოკარდის ინფარქტის განვითარებაზე ელექტროსიგარეტის ზეგავლენის შეფასება წარმოადგენდა, მაგრამ მეთოდოლოგიური უზუსტობის გამო, კვლევის მთავარი დასკვნა აშშ-ის გულის ასოციაციის შეფასებით, არავალიდურია.

საქმე ეხება მიოკარდიული ინფარქტის განვითარების რისკს, რაც ელექტროსიგარეტის გამოყენებას უკავშირდება. იმ ადამიანთა ნაწილი, რომელიც კვლევის დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ელექტროსიგარეტის მოხმარების დაწყებამდე მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ მწეველები და ჩვეულებრივ სიგარეტს იყენებდნენ. ამ შემთხვევებში დამდგარი ინფარქტის ელექტროსიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირება თითქმის შეუძლებელი ხდება, რადგანაც მისი მიზეზი შესაძლოა წლების განმავლობაში ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარება ყოფილიყო.

ამასთანავე, კვლევაში მონაწილე პირთა შორის იყვნენ პირებიც, რომელთაც წარსულში ერთხელ უკვე ჰქონდათ მიოკარდიული ინფარქტი გადატანილი, რითიც მათი რისკი განმეორებითი ინფარქტისა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. შესაბამისად, ვერც ამ შემთხვევების პირდაპირ ელექტროსიგარეტთან დაკავშირება ვერ იქნებოდა ვალიდური.

“ნაშრომის გადახედვის პროცესში, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი კითხვა - გადატანილი ჰქონდათ თუ არა კვლევაში მონაწილე პირებს მიოკარდიული ინფარქტი ელექტროსიგარეტის გამოყენების დაწყებამდე, თუ მის შემდეგ. კვლევის ავტორებმა მოგვაწოდეს გარკვეული დამატებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ნაშრომის შემფასებლების, ასევე ჟურნალის რედაქტორთა შეფასებით, კვლევის ავტორებს ნაშრომზე მუშაობისას არ ჰქონდათ სრულად გააზრებული აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა,

გამოქვეყნების შემდეგ, კვლევის ავტორებმა ითხოვეს დრო, რათა გამოეკვეთათ ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყეს მათ კვლევაში მონაწილე პირებმა ელექტროსიგარეტის გამოყენება. თუმცა, მათ ვერ შეძლეს დათქმულ ვადაში მოეწოდებინათ განახლებული ინფორმაცია, რის გამოც, ჟურნალის რედაქტორები გამოთქვამენ შეშფოთებას, რადგანაც კვლევის დასკვნა არასანდოა,”- ნათქვამია ამერიკის გულის ასოციაციის ვებგვერდზე.

ჩვეულებრივი სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი კუპრი, ასევე სხვა მრავალი ტოქსიკური ნივთიერება, წარმოადგენს მთავარ მიზეზს, რაც სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს. ელექტროსიგარეტების და გახურებადი თამბაქოს პროდუქტების მოხმარებით, კუპრი არ გამოიყოფა, ასევე არ გამოიყოფა სხვა მრავალი ტოქსიკური ნივთიერება, რაც მათ ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ნაკლებ საზიანოს ხდის. აღნიშნული მრავალი ორგანიზაციის თუ სამედიცინო ასოციაციის მიერ არის დადასტურებული, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროც, რომლის შეფასებითაც, ელექტროსიგარეტები 95%-ით მაინც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთში თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის, სახელმწიფო რეკომენდაციას უწევს მის შედარებით უსაფრთხო ალტერნატივებს და ამ ინფორმაციის მომხმარებლებამდე მისაღწევად შესაბამის საინფორმაციო პოლიტიკასაც ატარებს.

სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის იტალიაში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიაში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში ელექტროსიგარეტი განიხილება სახელმწიფოს მიერ თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებად, რაც მწეველებს ნაკლებსაზიანო ალტერნატივაზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

ქართულ კანონმდებლობაში, კერძოდ კი თამბაქოს კონტროლის კანონში “თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტების” შესახებ ჩანაწერი მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. ამ დრომდე, ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას, ამ და ტრადიციული ტიპის თამბაქოს პროდუქტებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები