მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიცენზირება ყველა ტიპის თამბაქოს პროდუქტზე უნდა ვრცელდებოდეს - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი"

გიორგი ბახტურიძე

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში” აცხადებენ, რომ ლიცენზირების მოთხოვნა ყველა ტიპის თამბაქოს პროდუქტზე უნდა ვრცელდებოდეს.

როგორც BMG-ის ორგანიზაციის დამფუძნებელმა, გიორგი ბახტურიძემ განუცხადა, პარლამენტში თამბაქოს წარმოების ლიცენზირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტში არაა გათვალისწინებული ისეთი პროდუქტები როგორიცაა მაგალითად, ელექტრონული სიგარეტი და მისი სითხეები.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ სამომავლოდ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, თამბაქოს იმპორტიორი კომპანიების ლიცენზირებაც.

„თუ სახელმწიფოს მართლა აქვს ინტერესი, რომ გააკონტროლოს ეს ბიზნესი და სრული აღრიცხვა მოახდინოს, ვინ არის მწარმოებელი, ვინ არის იმპორტიორი, ვინ არის საცალო და საბითუმო მოვაჭრე ამ ლეტალური პროდუქტის, ამ შემთხვევაში, აუცილებელი ზომაა, ყველა ამ მიმართულებაში ლიცენზია არსებობდეს. ჩვენთვის საერთაშორისო მარეგულირებელი დოკუმენტი „თამბაქოს უკანონო ვაჭრობის“ ოქმია, რომელიც 2018 წელს დამტკიცდა და დღემდე საქართველო მას მიერთებული არაა სწორედ თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენების გამო.

თუკი სახელმწიფო ამ ოქმს მართლაც მიუერთდება და რეალურად დაიწყებს ფიქრს, ამ ლეტალური პროდუქტის სტანდარტიზებაზე, მაშინ არამხოლოდ სიგარეტის და თუთუნის, არამედ თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ლიცენზირება უნდა მოხდეს. როგორიცაა გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი, ელექტრონული სიგარეტი, ელექტრონული სიგარეტის სითხე, რომელიც საქართველოში იწარმოება, მათი სტანდარტიზირება და შესაბამისი ლიცენზირება უნდა მოხდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კონკრეტული ბიზნესსუბიექტის დაკვეთით კი არ უნდა შემოიღოს რომელიმე პროდუქტზე ლიცენზია, არამედ წარმოების ყველა მიმართულებაზე და ასევე მანქანა-დანადგარებზე, ასევე იმპორტიორი კომპანიების ლიცენზირება უნდა მოხდეს და საცალო და საბითუმო მოვაჭრეებზე სპეციალური ნებართვები უნდა გაიცეს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეს ლეტალური პროდუქტი არ უნდა იყიდებოდეს“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. ამასთან, თამბაქოს მწარმოებლებს შესაბამისი ლაბორატორიის მოწყობის ვალდებულება ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები