ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა Apple-ს სმარტფონების ბაზრის მონოპოლიაში სდებს ბრალს. იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანიის წინააღმდეგ, “კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევისთვის, სარჩელი უკვე შეიტანა.
საქმე ისაა, რომ Apple, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები - Amazon, Meta და Google - რომელთა კაპიტალიზაციაც ტრილიონ დოლარს აღემატება, აშშ-ის სამართლებრივი სისტემისთვის დიდი ხანია, გამოწვევად რჩებიან. ბაზრის მონოპოლიზაციის საკითხზე გამოძიება ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, ბოლო რამდენიმე წელია, მიმდინარეობს.
“გვაქვს ვარაუდი, რომ Apple სმარტფონების ბაზარზე მონოპოლიას, არა კონკურენტ კომპანიებზე უკეთესი ხარისხის შეთავაზებით, არამედ “კონკურენციის შესახებ”კანონის დარღვევით ინარჩუნებს. რეაგირებს გარეშე, Apple-ის სმარტფონებზე მონოპოლია მხოლოდ გაძლიერდება, იუსტიციის დეპარტამენტი კი ანტიმონოპოლისტური კანონებს მტკიცედ აღასრულებს, რაც მომხმარებელს მაღალი ფასებისა და მცირე ასორტიმენტისგან დაიცავს”, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლანდმა.
მისივე თქმით, Apple-ის შემოსავალი 100-ზე მეტი ქვეყნის ინდივიდუალურ მშპ-ს აღემატება, რაც iPhone-ების წარმატებითაა განპირობებული. კონფერენციაზე გერლანდმა აღნიშნა, რომ სმარტფონების ბაზრის 65%-იანი წილი სწორედ Apple-ს უჭირავს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Apple სამართლებრივ გამოწვევაში ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ დგას, თუმცა კომპანია ანტიმონოპოლიური გამოძიების მიზეზი ევროპაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც გამხდარა.
Apple ბრალს არ აღიარებს და იუსტიციის დეპარტამენტს აფრთხილებს, რომ მსგავსი საქმე “სახიფათო პრეცედენტს” ქმნის.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დავა დიდხანს გაგრძელდება, Apple კი თავდაცვისთვის ემზადება.