მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone 16-ის დებიუტიდან რამდენიმე საათში, Huawei-მ ახალი სმარტფონი წარადგინა

trifold

სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა Huawei-მ Apple-ს მიერ ახალი "აიფონის" პრეზენტაციიდან რამდენიმე საათში, მობილურის ახალი, სამ-ეკრანიანი დასაკეცი მოდელი წარადგინა, რომლის საბაზრო ღირებულებაც $2.8 ათასს აღემატება.

მანამდე, ახალი სმარტფონის წინასწარი გაყიდვები Huawei-მ შაბათიდან დაიწყო და განაცხადა, რომ Huawei Mate XT საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 20 სექტემბრიდან გახდებოდა - ამავე დღეს დაიწყება iPhone 16-ის გაყიდვებიც.

Mate XT-ში მწარმოებელმა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, კერძოდ კი ტექსტის თარგმნისა და ქლაუდზე დაფუძნებული კონტენტის გენერაციის ფუნქციები ჩააშენა, რაზეც, Huawei-ის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ იუს თქმით, კომპანია 5 წელი მუშაობდა.

ახალი სმარტფონი შავ და წითელ ფერში იქნება ხელმისაწვდომი, ღირებულება კი 19 999 იუანიდან ($2 809) დაიწყება და 23 999 იუანს ($3 371) მიაღწევს. Mate XT-ის თხელი დიზაინი 3.5 მილიმეტრის სისქის კორპუსსა და 10.2-ინჩიან ეკრანს ითვალისწინებს.

ახალ სმარტფონზე გამოსახულების გამოტანა როგორც ერთ, ისე ორ და სამ ეკრანზეა შესაძლებელი და, საჭიროებისამებრ, კლავიატურის როლსაც ირგებს.

Huawei-ის ინფორმაციით, წინასწარი გაყიდვებით 3.5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, პრეზენტაციის შემდეგ კი Huawei trifold Mate XT-ის ყიდვის მსურველთა რაოდენობა 4 მილიონამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, Apple-ის iPhone 16-ის საბაზისო მოდელის ღირებულება $799-ია, Pro მოდელი კი $1 199 ეღირება. წინასწარ გაყიდვაში "აიფონი" პარასკევიდან ჩაეშვება. ახალ iPhone 16-ს განახლებული დიზაინი, ახალი თაობის პროცესორი, გაუმჯობესებული ბატარეა და ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები