აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ეკიპაჟის შემადგენლობაში 28 ადამიანი შედიოდა: მათგან 20 უკრაინელი, ექვსი — საქართველოს მოქალაქე (კაპიტნის ჩათვლით) და ორი რუსი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Bella 1-ის ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავა. დაკავების დროს ტანკერი რუსეთის დროშით შეცვლილი სახელით Marinera დაცურავდა.
აშშ-ის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, Bella 1-ს ნავთობი ვენესუელიდან და ირანიდან გადაჰქონდა. ბონდის თანახმად, სანქციების დარღვევის გარდა ტანკერის ეკიპაჟი არ დაემორჩილა აშშ-ის სანაპირო დაცვის მოთხოვნას და გაქცევა სცადა.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა Bella 1-ს სანქციები 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც უკანონოდ ირანული ნავთობი გადაჰქონდა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებისთვის 7 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ სასამართლოს დადგენილება ტანკერის დაკავების შესახებ, ეკიპაჟზეც ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია მისი წევრების აშშ-ში ჩაყვანა და პასუხისგებაში მიცემაა.




























