ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურა საერთაშორისო კრიპტობირჟა KuCoin-ს სასამართლოში უჩივის. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2023 წლამდე კრიპტობირჟა ამერიკის ტერიტორიაზე ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ოპერირებდა, რაც ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია.
პროკურატურის განცხადებით, უნებართვო საქმიანობის გარდა, KuCoin-ის ხელმძღვანელობა აქტიურად იყო ჩართული ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების მრავალმილიარდიან სქემაში. როგორც ჩანს, კრიპტობირჟა არ იცავდა KYC-ის და AML-ის საერთაშორისო რეგულაციებს, რის გამოც მისი გამოყენება თითქმის ყველას ანონიმურად შეეძლო, რაც ფულის გათეთრებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა.
ამას გარდა, პროკურატურა KuCoin-ს თაღლითობასა და ინვესტორების შეცდომაში შეყვანაში ედავება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ კრიპტობირჟის ხელმძღვანელობა ინვესტორებს ატყუებდა და ეუბნებოდა, რომ KuCoin-ს ამერიკაში ოპერირებისთვის სპეციალური ნებართვა ჰქონდა მიღებული მარეგულირებლის მხრიდან, რაც ტყუილი იყო.
კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი იმასაც ამტკიცებს, რომ KuCoin-დან განსაკუთრებით ხშირად ხორციელდებოდა საეჭვო ტრანზაქციები თაღლითურ და ჰაკერულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ ანგარიშებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავეები მოპარული კრიპტოაქტივების გასანაღდებლად სწორედ KuCoin-ს იყენებდნენ და ამისათვის საკმაოდ დიდ საკომისიოსაც იხდიდნენ.
პროკურატურა სასამართლოსგან KuCoin-ის დაჯარიმებას, მისი დამფუძნებლების დაკავებას და კრიპტობირჟის საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, კრიპტობირჟა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო რეგულაციებთან და აშშ-ის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სიმართლეს არ შეესაბამება.