მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ქსელურ სუპერმარკეტებში ქართული ღვინის პოპულარიზაცია მიმდინარეობს

ღვინის პოპულარიზაცია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის Saperavi Brothers-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები მასაჩუსეტსის შტატში, ღვინისა და პროდუქტების ქსელურ სუპერმარკეტებსა და საცალო გაყიდვების 20 ობიექტში გაიმართა.

სააგენტოს ცნობით, თითოეული ღონისძიების ფარგლებში, საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო.

"ქართული ღვინის პოპულარიზაციის დეგუსტაციების ციკლი კომპანიის „Saperavi Brothers” ორგანიზებით, ივლისში დაიწყო და დეკემბრის თვეშიც გრძელდება.

მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ორიენტირებულია მომხმარებელზე და მისი მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში აშშ-ში ღვინის ექსპორტის შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ამერიკაში 4.9 მლნ აშშ დოლარის 794607 ლიტრი ღვინო გავიდა, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 6.3 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ-ზე მეტი ლიტრი იყო. ნოემბრის სტატისტიკა დღეს გახდება ცნობილი.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან Colangelo&Partners-სთან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება. ამასთან ერთად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორები არიან ამერიკული იმპორტიორი კომპანიები „A.G Global Trade LLC“, „Saperavi brothers“, „Vinoveli inc, Corus systems inc“, „Georgian House of Greater Washington LLC“ და მარკეტინგული კომპანია „Big Sky Ranch Inc”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები