მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის საელჩო: არსებული სახიფათო ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან

602e07a1f3a60
BM.GE
18.02.21 10:12
722
არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან,- ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

საელჩო მხარეებს მოუწოდებს, პრობლემური საკითხები მშვიდობიანი გზით გადაჭრა.

“აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა”,- ნათქვამია საელოჩის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებით გუშინ პატიმრობა შეეფარდა.

საქმე ეხება 2019 წლის ივნისის საქმეს, როდესაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ასევე ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთეს, თუმცა, მელიამ აღნიშნული სამაჯური 2020 წლის ნოემბერში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საჯაროდ მოიხსნა.

მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. შედეგად პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ მოუხსნა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაათენეს. იყო მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიას დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ღამით მოახდენდა. დილით შს სამინისტროს წარმომადგელები ადგილზე იმყოფებოდნენ კიდეც, თუმცა, ისინი ოფისში არ შეუშვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები