ლონდონის სატრანსპორტო კომპანია Transport for London-ის ინფორმაციით, ლონდონში აშშ-ის საელჩოს, სატრანსპორტო ჯარიმების სახით, სახელმწიფოსთვის £14.6 მილიონი აქვს გადასახდელი. Politico-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ ლონდონში სატრანსპორტო გზების გადატვირთვის თავიდან ასარიდებლად გადასახადი შემოიღეს, საელჩოს თანამშრომლებმა, გადასახადის გადაუხდელობით, £14.6 მილიონიანი ვალი დააგროვეს.
საცობების განსატვირთად სატრანსპორტო გადასახადი ლონდონში 2003 წელს შემოიღეს: ყოველდღიური გადასახადი ვრცელდება ავტომფლობელებზე, რომლებიც ქალაქში 07:00-დან 18:00 საათამდე, ან, უქმე დღეებში, 12:00-დან 18:00-მდე გადაადგილდებიან.
თავის განცხადებაში Transport for London აღნიშნავს, რომ ლონდონში არსებული საელჩოების უმრავლესობა აღნიშნულ გადასახადს დროულად იხდის, თუმცა, “ჯიუტი უმცირესობა, მიუხედავად დიპლომატიური მცდელობებისა, გადასახადის გადახდაზე უარს ამბობს”.
“სატრანსპორტო მოძრაობის განსატვირთად დაწესებული გადასახადების და მასთან დაკავშირებული ჯარიმების შეგროვებას კვლავ გავაგრძელებთ, საჭიროების შემთხვევაში კი საქმეს საერთაშორისო სასამართლოშიც განვიხილავთ”, - ნათქვამია TfL-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო კომპანიის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, ჯარიმების ოდენობით, მეორე ადგილს იაპონიის საელჩო იკავებს, რომელსაც ლონდონისთვის £10 მილიონი აქვს გადასახდელი. მესამე ადგილზე კი ინდოეთის საკონსულოა - £8,5 მილიონიანი ვალით. საერთო ჯამში, საცობის განსატვირთად შემოღებული გადასახადების გადაუხდელობისთვის, ლონდონში მოქმედი საელჩოების დავალიანება £143.5 მილიონს აღწევს.
აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ 1961 წელს მიღებულ ვენის კონვენციაში დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, განსაზღვრულია, რომ “საცობის განტვირთვის გადასახადი” საერთაშორისო დიპლომატიური მისიის დროს, გამონაკლისია. თუმცა ლონდონში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ვალი სერვისის ღირებულებაა და არა - გადასახადი (tax), რის გამოც დიპლომატები მისი გადახდისგან არ თავისუფლდებიან.