აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების 90-დღიანი შეჩერების შესახებ გაცემული განკარგულება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის პროგრამებს არ ეხება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება არ ექვემდებარება საგარეო დახმარების ბრძანების შეზღუდვებს. მათივე თქმით, შეჩერება მხოლოდ განვითარების პროგრამებს ეხება.
შესაბამისად, დონალდ ტრამპის ბრძანება არ იმოქმედებს უკრაინისთვის იარაღის წარმოების კონტრაქტებზე „უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის“ ფარგლებში, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოფრმდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით აჩერებს აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით, სანამ განიხილება შეესაბამება თუ არა ისინი მისი პოლიტიკის მიზნებს.
ეს ერთ-ერთია იმ მრავალ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც ტრამპმა პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ 24 საათში დაამტკიცა.