მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სანქციების აღსრულება სებ-მა ბანკებს მიანდო - კახა შარაბიძე

BLB

იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულება ბანკებს მიანდო. ამის შესახებ იურისტმა გადაცემა „საქმის კურსში“ ეროვნული ბანკის მიერ აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას თქვა.

კახა შარაბიძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის განცხადების მიუხედავად, კომერციულ ბანკებს სხვადასხვა პირის მიმართ ანგარიშის გახსნა/დახურვის უფლება აქვთ, შესაბამისად დღეს გავრცელებული განცხადებით მარეგულირებელმა მხოლოდ ის თქვა, რომ ქვეყნის შიგნით ბანკები ქართულ კანონმდებლობას არ დაარღვევდნენ.

„საქართველოში კომერციულ ბანკებს ნებისმიერ დროს გააჩნიათ აბსოლუტური დისკრეცია გაუხსნან ან არ გაუხსნა ანგარიში ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, ან გახსნილი ანგარიში დაუხურონ ისე, რომ მიზეზი არ დაასახელონ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს ხანდახან ღამის კლუბში რომ შედიხარ, რომ არ გიშვებენ და რომ ვერ ხვდები რატომ არ გიშვებენ - ანუ ბანკმა მიზეზის გარეშე შეიძლება თქვას „კი“ ან „არა“.

ეროვნული ბანკის განცხადების ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს მოქალაქე სანქციის ობიექტია, მაგრამ მისი დანაშაული საქართველოში სამართლებრივად დადგენილი არ არის, მას შეიძლება ანგარიში გავუხსნათ, ანუ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ბანკმა სანქცირებულ პირს ანგარიში დაუხუროს ან არ გაუხსნას. მაგრამ ბანკს ამის აბსოლუტური უფლება გააჩნია", - განაცხადა კახა შარაბიძემ.

მისივე თქმით, ახლა, მაღალი სტანდარტების მქონე ბანკები, დიდი ალბათობით, ეროვნულ ბანკის განცხადების მიუხედავად, რომ ამ პირებისთვის მომსახურების გაწევა საქართველოში კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ამ პირებს დაუხურავენ ან არ გაუხსნიან ანგარიშს. თუმცა შარაბიძის თქმით, შეიძლება აღმოჩნდნენ ბანკები, რომლებმაც სანქციების მიუხედავად, იმიტომ, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში ეს არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, გაუხსნან ანგარიში.

"ჩემი აზრით, ეს განცხადება დაახლოებით ამისკენ არის მიმართული, რომ სებ-მა ბანკებს მიანდო და თქვა, რომ თუ თქვენ ანგარიშებს არ დახურავთ ამით კანონი არ დაირღვევა და ის არ იქნება ცენტრალური ბანკის მიერ პრეტენზიის ობიექტი, თუმცა მე ავხსენი, რომ ბანკებს ამის დისკრეცია აქვთ.

პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, რომ პირს ჰქონია სხვა რომელიმე ქვეყნის სანქცია, არა საერთაშორისო და კომერციულ ბანკს მისი ანგარიში დაუხურავს, მაგრამ ამ ადამიანმა სხვა ბანკში გახსნა ანგარიში.

ქვეყანამ სანქციების და საბანკო სფეროში თავისი საერთაშორისო რეპუტაცია კომერციული ბანკების დისკრეციას მიანდო“, - განმარტა კახა შარაბიძემ.

BLB-ის მმართველი პარტნიორი იმასაც ამბობს, რომ მაღალი სტანდარტების მქონე ბანკების უმეტესობას საერთაშორისო სანქციების დაცვა მოუწევთ, რითაც ცალსახად სანქცირებულ პირებს უხერხულობა შეექმნებათ.

"ჩემი აზრით, ბანკების უმეტესობას მოუწევს, დაიცვას ეს წესი და მათი კლიენტი არ იყოს სანქცირებული, შეწყვიტოს ანგარიშის წარმოება ან არ გაუხსნას. თუ კითხვა იმაში მდგომარეობს შეექმნებათ თუ არა უხერხულობა ამ პირებს, ნამდვილად შეექმნებათ, მაშინაც კი თუ რომელიმე ქართლი ბანკი გაუხსნის ან არ დაუხურავს ანგარიშს, მათ უხერხულობა ექმნებათ საერთაშორისო ტრანზაქციებზე, იმიტომ რომ გამორიცხულია, ეს გარიგება რომელიმე შუამავალმა ბანკმა გაატაროს.

ამიტომ დისკომფორტი ნამდვილად ექნებათ, მიუხედავად ეროვნული ბანკის პოზიციისა. დისკომფორტი არ ექნებათ მაგალითად ქართულ იურისდიქციაში ლარში გადარიცხვებზე - კომუნალურების გადახდისას, საკვების შეძენისას, მაგრამ სხვა შემთხვევაში ამ პირებს ეს უხერხულობა შეექმნებათ, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზეა ეროვნული ბანკი და რა პრაქტიკა ექნებათ კომერციულ ბანკებს”, - განაცხადა კახა შარაბიძემ და დასძინა: „მაგნიტსკის სია“ ძალიან მძიმეა, ამიტომ ქართული ბანკები ეცდებიან მას თავი აარიდონ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები