ჩინური სახელმწიფო ბანკები რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს დაფინანსებას და ფინანსური სერვისების გაწევას უზღუდავენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, შეზღუდვის ამოქმედება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელიც ჩინეთს ფინანსური სანქციების დაწესებით ემუქრება, თუკი ჩინური ბანკები რუსი მილიარდერების და კრემლთან დაკავშირებული კომპანიების დახმარებას არ შეწყვეტენ.
მართალია, ოფიციალურ პეკინს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ახალი შეზღუდვების ამოქმედებას ადასტურებენ.
ზოგადად, ჩინეთის საბანკო-საფინანსო სექტორს რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან დასავლეთის ბაზრიდან მოკვეთის შემდეგ, მოსკოვს დაფინანსების მიღების ერთადერთ რეალურ წყაროდ სწორედ ჩინეთი დარჩა.
როგორც Bloomberg-ის წყაროები ამტკიცებენ, შეზღუდვა აწ უკვე არსებულ კლიენტებზეც გავრცელდება, ანუ რუსეთის მოქალაქეებს ჩინურ ბანკებში ანგარიშების დახურვა მოუწევთ.