მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი გახარიას - "მოგიწოდებთ, აქცენტი გაკეთდეს შრომის ინსპექციის შესაძლებლობების გაზრდაზე"

5fa691c1161ea
BM.GE
07.11.20 16:12
748
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის, რობერტ ლაითჰაიზერის წერილი მიიღო, რომელშიც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ხაზს უსვამს დასაქმებულთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად საქართველოში მიღწეულ წინსვლას და აცხადებს, რომ საქართველოში დასაქმებულთა უფლებების საქმის განხილვას ასრულებს.

რობერტ ლაითჰაიზერი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის აპარატში აღნიშნული საქმის განხილვა 2010 წელს ამერიკის შრომის ფედერაციის და კონგრესის სამრეწველო ორგანიზაციების მიერ შეტანილი პეტიციის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველო არ აკმაყოფილებდა აშშ-ის პრეფერენციების განზოგადებულ სისტემაში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დასაქმებულთა უფლებების ნაწილში.

„პეტიციაში სამი ძირითადი წუხილი იყო გამოთქმული: გაერთიანების უფლების იურიდიული შეზღუდვები, მთავრობის მხრიდან მტრული დამოკიდებულება და პროფკავშირების საქმეებში ჩარევა და 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმება. მას შემდეგ, შეერთებული შტატების მთავრობა მჭიდროდ მუშაობდა საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების მოსაგვარებლად. განხილვის დასრულებით მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დასაქმებულთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად, ასევე, 2013 წელს შრომის დაცვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო დათქმების აღდგენა, 2018 წელს დამტკიცებული ახალი ნორმები საწარმოო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, 2020 წელს შრომის ინსპექციის სრულყოფილი სახით აღდგენა და სრულყოფილი შრომის კოდექსის შემუშავება ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე. ვაღიარებ, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული და ვაფასებ წლების განმავლობაში ორივე მთავრობის მაღალი დონის კონსტრუქციულ ურთიერთობებს ხსენებული მიმოხილვის პროცესში“, - ნათქვამია წერილში.

რობერტ ლაითჰაიზერი კანონმდებლობის აღსრულების პროცესში მოსალოდნელ გამოწვევებზე საუბრობს და შრომის ინსპექციის შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მესმის, რომ ახალი კანონმდებლობის განხორციელება გამოწვევებით აღსავსე იქნება. მოგიწოდებთ, რომ მომდევნო თვეებში აქცენტი გაკეთდეს შრომის ინსპექციის შესაძლებლობების გაზრდაზე, მათ შორის შრომის ინსპექტორების დასაქმებაზე და საკადრო გადამზადებაზე, ინსპექციის პროფესიონალიზაციაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი ფუნქციონირებისა და აღჭურვისთვის საკმარისი დაფინანსების გამოყოფაზე. ინსპექციის სანდოობის გასაზრდელად და დაკისრებული მისიის შესრულების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მისი შესაძლებლობების განვითარებას. შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს აშშ-ის პრეფერენციების განზოგადებულ სისტემაში ჩართული პარტნიორი ქვეყნების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის სისტემატურ შეფასებას და დასაქმებულთა უფლებების დაცვის სფეროში მიღწეულ წინსვლაზე დაკვირვებას. აშშ-ის პრეფერენციების განზოგადებულ სისტემაში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს ახალი განხილვა. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, როდესაც საქართველოს მთავრობა ახალ ნაბიჯებს დგამს ახალი კანონმდებლობის აღსრულებით და აუმჯობესებს ამ ახალ ნაბიჯებს“, - აცხადებს რობერტ ლაითჰაიზერი წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო.