ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ორპარტიული შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დასახმარებლად და ასევე მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად. ეს უკანასკნელი, რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნა იყო.
გამოქვეყნებული პროექტის მიხედვით, 60,1 მილიარდ დოლარი უნდა მიეღო რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას, 14,1 მილიარდი დოლარი - ისრაელს, ასევე, 20,2 მილიარდი დოლარი უნდა მოხმარებოდა აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეთანხმებას 4 თებერვალს მიაღწიეს, მაგრამ სიტუაცია შეცვალა დონალდ ტრამპის მოწოდებამ, რესპუბლიკელი სენატორების მიმართ უარი ეთქვათ კომპრომისსა და კანონპროექტის მხარდაჭერაზე.
სენატში 7 თებერვალს გამართული პროცედურული კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა. წინააღმდეგი იყო 50. კანონპროექტის მიღებას სულ მცირე 60 ხმა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სენატმა დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე ვერ მიიღო, პაკეტის განხილვები კვლავ გაგრძელდება.
ცნობისთვის, პროექტით გათვალისწინებული დაფინანსება პირდაპირ ემთხვეოდა, გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი 106 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფის წინადადებას, საიდანაც $61 მილიარდი გათვალისწინებული იქნებოდა უკრაინისთვის, $14,3 – ისრაელისთვის, ორი მილიარდი – ტაივანისთვის, ასევე $6,4 მილიარდი – აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის, თუმცა რესპუბლიკელები აღნიშნული ერთობლივი პაკეტის დამტკიცებაზე უარს აცხადებდნენ აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღების გარეშე.