მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის შეზღუდვების მიუხედავად, Huawei AI ჩიპების მასობრივ წარმოებაზე გადადის

chip

ჩინური ტექკომპანია Huawei თავისი ყველაზე განვითარებული AI ჩიპის მასობრივ წარმოებაზე გადასვლას 2025 წლის პირველ კვარტალში გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმადობა, შეერთებული შტატების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, შემცირებულია. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიასთან დაკავშირებული პირები ესაუბრნენ.

ჩინურმა კომპანიამ უკვე გაუგზავნა ჩიპების ახალი მოდელი - Ascend 910C - სხვადასხვა ტექნოლოგიურ ფირმას და შეკვეთების მიღებაც დაიწყო. Huawei გეგმავს, რომ ჩიპების წარმოებით კონკურენციას ამერიკელ მწარმოებლებს, მათ შორის, Nvidia-ს გაუწევს.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობა ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებში Huawei-ს წარმოებაზეც აისახება. ვაშინგტონმა ჩინურ კომპანიებს არაერთი შეზღუდვა დაუწესა, რადგან მიიჩნევს, რომ მათი ტექნოლოგიური პროგრესი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს - ჩინეთი შტატების ამ ბრალდებას უარყოფს.

შეზღუდვების გამო Huawei-ს წარმადობა შეზღუდულია. 910C მოდელებს ჩინეთში წამყვანი კონტრაქტორი ქმნის, თუმცა ლითოგრაფული ტექნოლოგიის არარსებობის გამო, ჩიპების წარმოება 20%-მდეა შემცირებული, კომერციული წარმატებისთვის კი ამ მაჩვენებლის 70%-მდე გაზრდაა საჭირო.

Huawei-ის ამ დროისთვის ყველაზე მძლავრი ჩიპის, 910B-ს წარმოებაც 50% იყო, რის გამოც კომპანიას საწარმოო სამიზნე მაჩვენებლების შემცირება და პროდუქტის მიწოდების ვადების გახანგრძლივება მოუწია.

აშშ-ის შეზღუდვის თანახმად, ჩინურ კომპანიებს 2020 წლიდან აღარ აქვთ წვდომა ჰოლანდიური ფირმა ASML-ის EUV ლითოგრაფიულ ტექნოლოგიაზე, რომელიც ყველაზე მძლავრი ჩიპებისა და პროცესორების წარმოებისთვის გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები