ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის ქვაკუთხედი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის თანამშრომლობაა, რომელიც რეგიონში არასტაბილურობას იწვევს, - ამის შესახებ ირანის პირველმა დიპლომატმა დავოსში განაცხადა, სადაც “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” მიმდინარეობს. მისივე თქმით, აშშ-მა და პრეზიდენტმა ბაიდენმა მისი ბედისწერა ისრაელის პრეზიდენტ ბენიამინ ნეთანიაჰუს არ უნდა დაუკავშიროს.
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ირანს, ერთი მხრივ, ღაზის სექტორში ომის დასრულება, ხოლო, მეორე მხრივ, წითელ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურს. ამ თემაზე საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, რომ მისი ქვეყანა იემენში ბაზირებულ სამხედრო დაჯგუფებას, “ჰუსიტთა მოძრაობას” უჭერს მხარს. ეს დაჯგუფება “ჰამასს” უჭერს მხარს, რისთვისაც წითელ ზღვაში არსებულ გემებს ძარცვავს და გლობალურ ლოგისტიკურ ჯაჭვში პრობლემებს იწვევს.
“იემენში და რეგიონის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხები, როლებიც პალესტინელებს იცავენ საკუთარი გამოცდილებისა და ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ და ჩვენგან დავალებებსა და ინსტრუქციებს არ იღებენ”, - განაცხადა ირანის პირველმა დიპლომატმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა და დასძინა, რომ “საზღვაო უსაფრთხოება ირანისთვის, როგორც ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოსთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, თუ ირანთან ახლოს არაულობაა, ის ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ ვერ ჩაითვლება”.
“ჰუსიტთა მოძრაობა”, როგორც იცით, წითელ ზღვაში ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. მოძრაობის წევრები ღიად უჭერენ მხარს პალესტინას და “ჰამასს” და, როგორც თავად ამბობენ, ყველაფერს გააკეთებენ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების დასაცავად. ბოლოდროინდელი შეტევების ფონზე სუეცის არხის შემოსავალმა 40%-ით იკლო. შემოსავლის კლება, უმეტესწილად, ტვირთბრუნვის 30%-იანი შემცირებითაა განპირობებული, რასაც, თავის წილ, ის იწვევს, რომ გადამზიდავი კომპანიები წითელ ზღვაში შესვლაზე უარს ამბობენ და სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.