აშშ-მ რუსული „ლუკოილის“ უცხოური აქტივების წინააღმდეგ სანქციები მესამედ გადადო.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ უცხოურ ბიზნესთან დაკავშირებული სანქციების ამოქმედება აშშ-მ 2026 წლის 28 თებერვლამდე გადადო.
როგორც OFAC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი გენერალური ლიცენზია - No131B ეხება ოპერაციებს, რომლებიც დაკავშირებულია Lukoil International GmbH-ისა და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების აქტივების შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებებსა და შეთანხმებების გაფორმებასთან.
ამასთან, უწყება განმარტავს, რომ თითოეული კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელებისთვის აუცილებელია OFAC-ის დამატებითი, ინდივიდუალური ნებართვის მიღება. ლიცენზია არ ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში თანხების გადარიცხვის უფლებას და არც სანქცირებული აქტივების განბლოკვას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა „ლუკოილის“, „როსნეფტისა“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დააწესა. რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებზე სანქციები კი 2025 წლის 21 ნოემბრიდან ამოქმედდა.




























