ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რამდენიმე რუსულ ბანკს, მათ შორის, VTB-ს, Rossbank-ს, Gazprombank-სა და Sberbank-ს სანქციები დროებით შეუმსუბუქა. აღსანიშნავია, რომ სატრანზაქციო შეზღუდვების მოხსნა ყოვლისმომცველი არ არის და ის მხოლოდ სამოქალაქო ბირთვულ სექტორში გადარიცხვებს ეხება.
ცნობისთვის, ეს მიმართულება ის იშვიათი გამონაკლისია, რა კუთხითაც შტატები და რუსეთი თანამშრომლობას მიმდინარე ომის მიუხედავადაც აგრძელებენ. აქვე უნდა განიმარტოს, რომ სანქციები მხოლოდ იმ პროექტებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ეხება, რომლებიც 2024 წლის 21 ნოემბრამდე იყო დაწყებული.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანი სამოქალაქო ბირთვულ სექტორში მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებაა. ამასთან, როგორც პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, სანქციების ვიწრო მიმართულებით, 6 თვის ვადით შემსუბუქება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარი პოლიტიკის ერთგული რჩება და მიმდინარე ომის ფონზე რუსეთთან მხოლოდ იმ სექტორებში ითანამშრომლებს, რომლებიც ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვისაა მნიშვნელოვანი.




























