ამერიკის მთავრობამ სატვირთოს მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა დაუყოვნებლივ შეაჩერა. როგორც სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, დროებითი პაუზა, განურჩევლად ეროვნებისა, ყველას შეეხო და მიზნად ამერიკელი სატვირთო მძღოლებისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას ისახავს. რუბიოს შეფასებით, ვიზების გაცემის შეჩერება ამერიკის გზებს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან უცხოელი მძღოლები ცოდნის ნაკლებობის გამო საავარიო ვითარებას ხშირად ქმნიან.
პაუზის ფარგლებში, მთავრობა ვიზების გაცემის აქამდე არსებულ პროტოკოლსაც განაახლებს და, სავარაუდოდ, ინგლისურის გამართულად ცოდნას აუცილებელ მოთხოვნად დაამატებს.
ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მეტწილად, დაკავშირებულია ფლორიდის შტატში, 12 აგვისტოს მომხდარ ავტოკატასტროფასთან, როცა არალეგალმა სატვირთოს მძღოლმა, ჰარჯინდერ სინგხმა ავარიისას 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღსანიშნავია, რომ სინგხმა ინგლისურად გამართულად წერისა და კითხვის გამოცდა ვერ ჩააბარა. დამდგარი მძიმე შედეგის ფონზე ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივანმა, შონ დაფმა ფედერალური გამოძიებაც დაიწყო.




























