აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას მოიცავს უკრაინის სასარგებლოდ. ამასთან, კანონპროექტი ეხება ანტირუსული სანქციების გაფართოებას. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 360 კონგრესმენმა 58-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, განახორციელოს გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა და შემდგომ თანხები სპეციალურ ფონდებში გადარიცხოს, როგორებიცაა კომპენსაციის ფონდი და უკრაინის მხარდაჭერის ფონდი.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ალგორითმთან დაკავშირებით კოორდინირება შეეძლება დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორებთან.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმასაც, რომ, მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც ეხება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციები. ასევე, ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც ეხება აშშ-ის სანქციები 2016 წელს მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ მიხედვით.