ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე მასშტაბური კოორდინირებული სამხედრო იერიში მიიტანეს. უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებიდან გამომდინარე, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნიდან გაიყვანეს - წერს Sky News-ი წყაროზე დაყრდნობით. მედია ასევე იუწყება, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები უკვე ევაკუირებულნი არიან.
სტრატეგიულ ობიექტებზე მიტანილი ერთობლივი იერიში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციასა და შესაძლო ომის გამოცხადებაზე მიუთითებს.
ისრაელური წყაროები წერენ, რომ თეირანის ცენტრში განხორციელებულმა პირდაპირმა დარტყმებმა დააზიანა სტრატეგიული სამთავრობო ობიექტები, მათ შორის საპრეზიდენტო კომპლექსი და ირანის დაზვერვის შტაბ-ბინა. ასევე, ერთ-ერთი რაკეტა უშუალოდ ალი ხამენეის ადმინისტრაციულ ოფისებთან ჩამოვარდა.
Associated Press-ისა და New York Times-ის ინფორმაციით, პენტაგონი ისრაელის სარაკეტო დარტყმებში უშუალოდ მონაწილეობს და ოპერაცია ვაშინგტონთან სრულად იყო კოორდინირებული. არსებული ინფორმაციით, თეირანი საპასუხო სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება, რაც ახლო აღმოსავლეთში სრულფასოვანი შეიარაღებული დაპირისპირების უპრეცედენტო რისკებს ქმნის.




























