მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა დატოვა “საერთაშორისო პარტნიორთა ჯგუფი”, რომელიც განვითარებად ქვეყნებში მწვანე პროექტებს აფინანსებს

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის კიდევ ერთი შეთანხმებიდან გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც მდიდარი სახელმწიფოები განვითარებად ქვეყნებში მწვანე ენერგიის პროექტებზე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, რამაც, საბოლოოდ, ნახშირბადის ემისიების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.

ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის მონაწილე ქვეყანამ, სამხრეთ აფრიკამ გაავრცელა, რომლის ინფორმაციითაც, შეერთებულმა შტატებმა “საერთაშორისო პარტნიორთა ჯგუფი” დატოვა. ბლოკის მიზანი იყო, ენერგოტრანზიციისთვის ფული სამხრეთ აფრიკისთვის, ინდონეზიისთვის, ვიეტნამისა და სინეგალისთვის გამოეყო. საერთაშორისო გაერთიანების წევრები, აშშ-ს გარდა, ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კანადა, იაპონია, ნორვეგია და დანია არიან.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, გამოთიშვოდა შეთანხმებას სამხრეთ აფრიკის, ინდონეზიისა და ვიეტნამის დასახმარებლად, ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა, სინეგალის დაფინანსებისთვის კი აშშ-ს სახსრები არც მანამდე გამოუყვია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანა კლიმატის შეთანხმებებს გამოთიშა. 20 იანვრის ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ ტრამპმა დატოვა ნიშანსვეტური პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები კლიმატის ცვლილებას ერთად ებრძვიან.

აშშ-ის მიერ პარტნიორთა ჯგუფის დატოვება ნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკამ ინვესტიციის სახით $1 მილიარდი დაკარგა - თანხა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ჩანაცვლებას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, აშშ-მა შეაჩერე ინდონეზიის ენერგოტრანზიციის პროგრამა, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნები რჩებიან გაერთიანებაში და განვითარებადი ქვეყნების დახმარებას განაგრძობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები