აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, „ცეზარის აქტით“ გათვალისწინებული სანქციების ნაწილის მოქმედება 180 დღით შეჩერდა, — ინფორმაციას Reuters აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების დროებითი შეჩერება არ შეეხება ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს.
„სახელმწიფო მდივანმა „ცეზარის აქტის“ სანქციები 180 დღით ნაწილობრივ შეაჩერა. ეს შეჩერება არ ვრცელდება რუსეთისა და ირანის მთავრობებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე, ასევე რუსული ან ირანული წარმოშობის საქონლის, ტექნოლოგიების, პროგრამების ან დაფინანსების გადაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე,“ - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
„სირიის სამოქალაქო დაცვის აქტი“, იგივე „ცეზარის აქტი“, აშშ-ის კონგრესმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა და 2020 წლის იანვარში შევიდა ძალაში. აღნიშნული აქტი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გარემოცვას, მასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს სანქციებს უწესებს.
კანონის გაუქმებას კონგრესის თანხმობა სჭირდება, თუმცა პრეზიდენტს მისი დებულებების საფუძველზე სანქციების მოქმედების დროებით შეჩერება შეუძლია.
ალ-შარა, რომელიც წარსულში ალ-ქაიდას მებრძოლი იყო და ბოლო დრომდე აშშ-ის მიერ ტერორისტად იყო აღიარებული, პირველი სირიის ლიდერია, რომელმაც თეთრ სახლს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ალ-შარას მთავარი მიზანი ვაშინგტონში, სწორედ აშშ-ის ყველაზე მკაცრი სანქციების, ე.წ. „ცეზარის აქტის“ გაუქმება იყო.
აღსანიშნავია, რომ ალ-შარას ვიზიტი შედგა მას შემდეგ, რაც ამერიკამ ოფიციალურად ამოიღო იგი „გლობალური ტერორისტების“ სიიდან. ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ სანქციების ეტაპობრივი შემსუბუქება ხელს შეუწყობს სირიის ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და ქვეყნის გარდამავალ პერიოდზე საერთაშორისო კონტროლს.




























