აშშ-მა VTB BANK-ის გენერალურ დირექტორს, ანდრეი კოსტინს ბრალი წარუდგინა.
საქმე ის არის, რომ უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების ახალი მექანიზმი შეიმუშავა და რუსეთის ერთ-ერთი სისტემური ბანკის, VTB Bank-ის გენერალურ დირექტორს, ანდრეი კოსტინს და ამერიკაში ბაზირებულ მის ორ კოლეგას სანქციების არიდების გამო ბრალი წარუდგინა.
ანდრეი კოსტინი აშშ-ის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2018 წელს დაასანქცირა, მაგრამ ამჯერად, ქვეყნის ხელისუფლება მას ფულის გათეთრებაში და სანქციების არიდებაში ადანაშაულებს, რასაც ბანკირის მიერ ორი იახტისა და კოლორადოს შტატში განთავსებული დასასვენებელი სახლის ფლობითა და გამოყენებით ხსნის. ამ ქონების ფარულად განკარგვაში ანდრეი კოსტინს ამერიკაში ბაზირებული ვადიმ ვოლფსონი და ჯენონ ბონდი ეხმარებოდნენ, რომლებიც გამოძიებამ უკვე დააკავა.