რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ნულზეა, თუმცა დროთა განმავლობაში მხარეებს დიალოგის განახლება მოუწევთ. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ნაწილიც „როსსია-1“ -ის ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.
„ურთიერთობები ნულზეა, ან მე ვიტყოდი ნულს ქვემოთაცაა. თუმცა მაინც რადგან ამერიკას და ჩვენ მსოფლიო და სტრატეგიულ სტაბილურობაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, ასე თუ ისე ჩვენ ამ საუბრის განახლება მოგვიწევს“, - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთთან მიმართებით შედარებით კონსერვატიული პოზიცია უნდა დაიკავოს რათა ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე ურთიერთობის შესაძლებლობა გაჩნდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა - რა შემთხვევაში შეიძლებოდა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის საუბრის დაწყება. დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ გაუცხადებია, რომ ის ნებისმიერი ურთიერთობისთვის მზადაა.
„რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ჩახურვა ამერიკელების ინიციატივით მოხდა. ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტმა რაღაც მომენტში, როგორც მინიმუმ თავისი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და ორმხრივ ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს, მაშინ უკვე ასეთი შეხვედრის პირობებიც მომწიფდება“, - განაცხადა პრესმდივანმა