პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებას გეგმავს, რაც მიზნად ისახავს, კრემლის შემოსავლების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას და ვლადიმირ პუტინის სამხედრო მანქანის შესუსტებას.
როგორც ცნობილია, ბაიდენის გუნდი ახალი პაკეტის ფორმულირებაზე მუშაობს, რომელიც რუსულ ნავთობექსპორტს პირდაპირ შეეხება. ადმინისტრაცია აქამდე ამ ნაბიჯს ენერგორესურსების გაძვირების შიშით ერიდებოდა, განსაკუთრებით არჩევნების წინ. თუმცა, როგორც ჩანს, ნავთობის ფასების შემცირების ფონზე, სახელისუფლებო გუნდი ახლა უფრო თამამად მოქმედებს, თანაც გასათვალისწინებელია ის, რომ ბაიდენს ხელისუფლებაში ყოფნისათვის დაახლოებით ერთი თვე რჩება და მას ამ დროის გამოყენება მაქსიმალურად სურს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი პროექტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი ტანკერებისა და პორტების წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ემსახურება. ამას გარდა, ამერიკის მთავრობა მიზნად ისახავს ზეწოლის გაძლიერებას პუტინის ფინანსურ რესურსებზე და სავაჭრო პარტნიორებზე, რათა უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში მეტი უპირატესობა მიეცეს. ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ცდილობს შექმნას ისეთი სასანქციო რეჟიმი, რომელიც რუსულ ეკონომიკას უფრო მეტ ზიანს მიაყენებს და ომის გაგრძელებას არამდგრად პროცესად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სანქციების ფონზე ეკონომიკური სტაბილურობა ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, უცხოური ინვესტიციების გაქრობა და ინფლაციის მაღალი დონე ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება. სავარაუდოდ, სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება ზემოხსენებულ პრობლემებს უფრო მეტად გაამწვავებს.