ახლახან აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო წარადგინა, რომელსაც 21 თვე აქვს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მოსამზადებლად.
მაურისიოს აზრით მას საკმაო დრო აქვს იმისათვის, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა აშშ-შიც ყველაზე ყურებადი გახადოს:
“ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ არამხოლოდ თამაშების, არამედ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც შეგვიძლია. ჩემი მიზანია, რომ მოთამაშეებს ჰქონდეთ გონებაში დიდი მიზნები, თვითრწმენა და ამ შემართებით სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ” - განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.
ცნობილია, რომ აშშ-ს საფეხბურთო ფედერაციას პოჩეტინოს კონტრაქტზე მუშაობა გაუჭირდა, რომელსაც საკმაოდ “კომპლექსური” უწოდეს, თუმცა შეთანხმება მაინც შედგა. აშშ-ს ფეხბურთის ისტორიაში არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია იმხელა წლიური შემოსავალი, რამდენსაც არგენტინელი სპეციალისტი მიიღებს. 2026 წლამდე პოჩეტინო წელიწადში 6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება თუკი ის მუნდიალზე დადებით შედეგს დააფიქსირებს.
ფედერაციის სპორტული დირექტორის მეტ კროკერის განცხადებით შეთანხმების სისრულეში მოყვანა ჰეჯ ფონდ “Citadel-ის” დირექტორის კენ გრიფინის დიდი დამსახურებაა, რომელმაც ფედერაციას მაურისიოს დაყოლიებაზე მოლაპარაკებებში ფინანსური დახმარება გაუწია.
ჯერჯერობით უცნობია თუ როგორი გავლენა ექნება პოჩეტინოს დანიშვნას თანაბარი ანაზღაურებების მიმართულებით, ვინაიდან აშშ-ს ქალთა საფეხბურთო გუნდს ემმა ჰეიესი წვრთნის, რომლის შემოსავალიც წელიწადში მხოლოდ 1,6 მილიონ დოლარს აღწევს. ცნობისთვის, ჰეიესმა აშშ-თან ერთად წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა, ხოლო მანამდე “ჩელსის” ქალთა გუნდს წვრთნიდა, რომელთან ერთადაც 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ როდესაც ჰეიესი აშშ-ს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გასულ წელს დაინიშნა, მას იმდენივე ხელფასი დაუწესეს წლიურად, რამდენსაც მაშინდელი აშშ-ს ვაჟთა ნაკრების ხელმძღვანელი გრეგ ბერჰალტერი იღებდა. სიტუაციის ასეთი ცვლილებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე უცნობია გაიზრდება თუ არა მისი კომპენსაცია პოჩეტინოს ანაზღაურების შესაბამისად.