პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე სამხრეთ კორეას ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების აგებისთვის საჭირო ტექნოლოგიას გაუზიარებს. შესაბამისად, ოფიციალურ ვაშინგტონსა და სეულს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ წყალქვეშა ხომალდები არა სამხრეთ კორეაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიაში მდებარე გემთმშენებელ ქარხანაში აიგება. აღსანიშნავია, რომ მას სამხრეთ კორეული კომპანია ფლობს და ორ ქვეყანას შორის დადებული გარიგების ფარგლებში იქ დამატებითი ინვესტიციის მოცულობა $125 მილიარდს მიაღწევს.
ლი ჯე-მიუნგის ხელისუფლებამ ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებისთვის საჭირო ტექნოლოგიის მიღების საკითხი დონალდ ტრამპის აზიური ტურნეს ფარგლებში, პირისპირ შეხვედრისას გააჟღერა. მაშინ ტრამპმა კონკრეტული პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიის გაზიარება მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. საბოლოოდ პრეზიდენტმა ლი ჯე-მიუნგის თხოვნა გაითვალისწინა, თუმცა ამის სანაცვლოდ მიიღო გარანტიები, რომ სამხრეთ კორეა მეტ ამერიკულ ნავთობსა და გაზს შეიძენს.
ცნობისთვის, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს იმ დონეზე განვითარებული საზღვაო ფლოტი, რომელშიც ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებია წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამხრეთ კორეა კიდევ ერთი სახელმწიფო გახდება, რომელიც ბირთვულ საწვავსა და ზოგადად, ატომურ ტექნოლოგიაზე წვდომას მიიღებს.




























