საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. წელს, 7 თვეში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორ ქვეყანაში $87.2 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა 82.1%-ით მეტი ვიდრე შარშან. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი წლიურად 14%-ით შემცირდა, 7 თვის მონაცემებით, შეერთებული შტატები უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა TOP-3 ქვეყანას შორისაა და თურქეთსა და რუსეთის შემდეგ, მესამე პოზიციას სჯერდება.
TOP-3 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა / 2024 წლის იანვარ- ივლისი
- თურქეთი - $1.8 მლრდ
- რუსეთი - $1.4 მლრდ
- აშშ- $1.07 მლრდ
საექსპორტო კალათაში ყველაზე მსხვილი წილის მქონე ხუთივე ჯგუფი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. კალათაში უდიდესი წილი ფეროშენადნობებზე მოდის - წელს, ამ ბაზარზე $59 მლნ დოლარის პროდუქცია გაიგზავნა - სულ 48 ათასი ტონა.
მეორე ადგილზეა ღვინო - 36%-იანი ზრდით და $4.2 მლნ დოლარის პორტფელით. აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარია - 1 ლიტრის საშუალო ფასი 5.9 დოლარია, რაც ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს მკვეთრად აღემატება. მთლიანობაში, ქართული ღვინისთვის აშშ პერსპექტიულ ბაზრად ფასდება.
ტოპ -5 პროდუქციას შორის არის საფრენი აპარატების ნაწილები. თუ 2023 წელს ამ ბაზარზე 1 მლნ დოლარი საფრენი აპარატის ნაწილები გავიდა, წელს მაჩვენებელი გაოთხმაგებულია და $4.06 მლნ-ს აღემატება.
მკვეთრად გაიზარდა შავი ლითონის მილების ექსპორტი. ექსპორტის კოდით აშშ-ში ჯამში $3.5 მლნ დოლარის უნაკერო მილები გაიგზავნა. $3.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ წყალბადის, ინერტული აირების და სხვა არალითონების ჯგუფიდან.
იმპორტში კი კლებაა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე. თუ გასულ წელს, 7 თვეში აშშ-დან 1 მილიარდ 89 მლნ დოლარის ავტომობილები შემოვიდა, წელს ეს მაჩვენებელი $887.1 მლნ -მდე შემცირდა. სულ აშშ-დან 74 789 ავტომობილის შეძენა მოხდა.
მკვეთრად გაიზარდა თხილის იმპორტი. ამ საქონლის შესყიდვა $13.7 მლნ დოლარად მოხდა. საიმპორტო კალათის სამეულშია კოსმეტიკური საშუალებები - $4.2 მლნ დოლარის ოდენობით.