ზუსტად ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 20 იანვარს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება. აშშ-ს პრეზიდენტების რეზიდენციაში, რომელიც 2021 წლის 20 იანვარს დატოვა. ტრამპის დაბრუნებას მთელი მსოფლიო ელის, რაც გასაკვირი არც არის. მის პოლიტიკაზე დიდწილად არის დამოკიდებული მსოფლიოს ახალი წესრიგი, ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი ასეთია. შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ტრამპი ჩრდილში ყოფნას არ ირჩევს. ექსპერტების ნაწილის შეფასებით კი, ამერიკის პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ექსპანსიონისტური და ხისტი იქნება. ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში შესვლამდე ტრამპმა ხმამაღალი განცხადებებით მიიპყრო ყურადღება: კანადას მოუწოდა შეუერთდეს შეერთებულ შტატებს 51-ე შტატად, დაიწყო საუბარი კუნძულ გრენლანდიის შესყიდვაზე და პანამის არხზე კონტროლის დაბრუნებაზე. რა გაგრძელება ექნება მის ამ იდეებს, გამოჩნდება.
ვიდრე აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგება, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰამასსა და ისრაელს შორის, რუსეთს და იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში ეხმარებიან. ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ შეერთებული შტატების ფოკუსში რჩება კავკასია, რისი გამოვლინებაც არის ამ კვირაში აშშ-სა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება.
ტრამპი ბრუნდება - როგორი იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკა?
„ბოლო დღეების მოვლენები, ცხადყოფს, რომ რეალურად შეერთებულ შტატებს საკმაოდ სერიოზული ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ პროცესებზე გავლენა მოახდინოს“, - ასე აფასებს აქტიურ პოლიტიკურ ავანსცენაზე ტრამპის დაბრუნებას ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი გიორგი ლაბაძე "საქმის კურსთან" ინტერვიუში. მისი შეფასებით, ამას აჩვენებს, ისრაელ-ჰამასის შეთანხმება და რუსული ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციები, რამაც პორტებთან რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების გაჩერება გამოიწვია.
„ახალმა სანქციებმა რუსული ტანკერების 10%-ის გაჩერება განაპირობა. ეს ჩინეთის და ინდოეთის განწყობას უჩვენებს, რომ არ სურთ სანქცირებული ტანკერები საკუთარ პორტებში მიიღონ, რადგანაც იციან რომ აშშ-ს სანქციები მათაც შეეხება. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მოიკოჭლებდა და ძალაში ვაკუუმს ტოვებდა, რაც გამოიყენა ჰამასმა და რუსეთმაც, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. მოცემულობა, რომელიც დახვდა პრეზიდენტ ტრამპს საკმაოდ რთულად გადასალახია და მარკო რუბიოს ( სახელმწიფო მდივნის კანდიდატი) მოსმენას თუ დავესესხებით აშკარაა, რომ ამერიკა დღეს იმდენი გამოწვევის წინაშე დგას, რომ რთული სათქმელია როგორი შედეგები დადგება. მაგრამ ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ შეერთებული შტატები ცალსახად აპირებს ძალის პოლიტიკაზე გადასვლას“, - ამბობს გიორგი ლაბაძე.
დოქტორანტი ამბობს, რომ არც იყო მოსალოდნელი უფრო რბილი პოლიტიკა, რისი იმედიც რუსეთს და სხვა ქვეყნებში ჰქონდათ. მათი იმედები ისეთ პიროვნებებზე იყო დამყარებული, რომლებიც ტრამპის გუნდში შიდა პოლიტიკურ თანამდებობებზე დაინიშნნენ, ხოლო საგარეო პოლიტიკა ხელში აიღეს ე.წ „ქორებმა“, მათ, რომლებიც აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე არიან ორიენტირებულნი.
„ცხადია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია რუსეთის სასარგებლოდ ვერ მოვიდოდა, ვერ წარსულში და ვერ მომავალში. ამას არავინ დაუშვებს“, - ამბობს გიორგი ლაბაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ზოგად ჩარჩოში ამერიკელები არაფრის დათმობას არ აპირებენ რუსებისთვის და ამას ცხადყოფს აშშ-ს ამბიციები არქტიკის ზღვასა თუ პანამის არხში. უკრაინის საკითხს კი „დამძიმებულ ვითარებას“ უწოდებს.
„აშშ აპირებს არქტიკის უსაფრთხოების კუთხით ძვრებს, პანამის არხთან დაკავშირებით ძვრებს, რაც ჩინეთის შეკავების ნაწილია, ეს ნიშნავს მარტივ რამეს, რომ ზოგად ჩარჩოში ამერიკელები არაფრის დათმობას არ აპირებენ რუსებისთვის. რაც შეეხება უკრაინის მიმართულებას, აქ სამწუხაროდ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ხვდება რესპუბლიკელებს. „რადიო თავისუფლებასთან“ ისაუბრა კურტ უოლკერმა (აშშ-ს ყოფილი ელჩი NATO-ში) რომელიც კარგად იცნობს უკრაინის საკითხს, მან თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუშვა ის მომენტი, როდესაც შეიძლებოდა რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მიყენება და უკრაინის ტერიტორიების სრულად დაბრუნება. დღეს კი დამძიმებულია გეგმები. ბოლო დღეებში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აჩვენებს რამხელა შესაძლებლობები აქვს შეერთებულ შტატებს და ეს სანქციები რომ დაწესებულიყო 1 წლით ადრე ხომ გაცილებით კარგი იქნებოდა? ამ კონტექსტში ჩვენ უნდა განვიხილოთ ნავთობის ფასებიც, რომელიც 2022-23 წლებში მკვეთრად გაიზარდა და ამან ხელი შეუწყო რუსეთს ომის წარმოებაში. რესპუბლიკელების პოლიტიკა ამ კუთხით განსხვავებულია და ის მიმართულია ნავთობის გაიაფებისკენ. მაგალითად, ჩვენთვის კარგად ცნობილი ჯო უილსონის შეხვედრა საუდის არაბეთში აჩვენებს, რომ ამერიკელები აპირებენ საუდის არაბეთთან ურთიერთობის გაღრმავებას და მათთან პარტნიორობას ნავთობის ფასების პოლიტიკის მხარდაჭერაში“, - მიიჩნევს გიორგი ლაბაძე.
საქართველო&აშშ - რა პერსპექტივა აქვს ურთიერთობების გადატვირთვას?
ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას უახლოეს მომავალში სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ურთიერთობის გადატვირთვისთვის მნიშნველოვანი ცვლილებებია საჭირო.
„სამწუხაროდ, დღევანდელი და უახლოესი მომავლის ქართულ -ამერიკული ურთიერთობები იმდენად ბუნდოვანია და იმდენად შორს არის იმ ჩარჩოსგან, რაც ამ ათწლეულების განმავლობაში გვქოდა, რომ მე, პირადად, ვერ ვხედავ, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სად შეიძლება გამოიძებნოს გამოსავალი. შეცდომა რაც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ არის ის, რომ ლამის დაუმეგობრდნენ და მოკავშირეობა გამოუცხადეს ანტი-ამერიკული განწყობის ქვეყნებს: ჩინეთს, ირანს, რუსეთს. ფაშინიანის ირანში ჩასვალას ხედავენ ამერიკელები, მაგრამ აქ იმ კონტექტს უყურებენ, რომ აზერბაიჯანის ფაქტორიდან გამომდინარე და იმ ფონზე, რომ რუსეთმა მარტო დატოვა მოკავშირე სომხეთი აზერბაიჯანთან ომში, სომხეთს სხვა არ არჩევანი არ ჰქონდა და მისი ეს ვიზიტი „მისაღებია“. თანაც, სომხეთს არ აქვს ანტიამერიკული რიტორიკა. ის არ აცხადებს, რომ ამერიკას სურს მისი ომში ჩართვა. ვფიქრობ, ძალიან მძიმე იქნება საქართველო-ამერიკის ურთიერთოები. მაგალითად, ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ჰამასის და ისრაელის მოლაპარაკებების ტრამპის წარმომადგენელმა ნეთანიაჰუს მიმართ ისეთი ხისტი დამოკიდებულება გამოავლინა, რაც ბაიდენის წარმომადგენლებს მთელი წელი არ გაუკეთებიაო. ეს იმას ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად რომ ისრაელი არის მეგობარი და ნატანიაჰუ არის მოკავშირე, მის მიმართაც იყო ხისტი დამოკიდებულება. ტრამპი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს. საქართველოს შემთხვევაში როგორ შეიძლება აისახოს? ძალიან სერიოზულად და მძიმედ. მან შეიძლება არ შეხედოს იმას, რომ ამდენხნიანი მეგობრობა გვაქვს, რომ ქართული ვალუტა არ ჩამოიშალოს... თუ ტრამპის გუნდი შენიშნავს რომ საქართველოს პოზიცია არის კეტეგორიულად ანტიამერიკული და მის გლობალურ სტრატეგიაში საერთოდ არ ჯდება, იქნება გამოყენებული სერიოზული ეკონომიკური სანქციები და ეს სანქციები არა მხოლოდ მმართველ ელიტებზე, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც ახდენს გავლენას“, - ამბობს გიორგი ლაბაძე.