TBC ბანკის გენერალურმა დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე BM.GE-სთან საფინანსო სექტორში არსებულ ტენდენციებსა და მიმდინარე წლის მოლოდინებზე საუბრობს.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთს ცვლილებები შეეხოს, შესაბამისად, თუ საპროცენტო განაკვეთები ამერიკაში ან ევროპაში შემცირდება, შეიძლება საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთები გადაიხედოს.
„მოგეხსენებათ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება და ამას ჩვენი აზრით, ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენა ექნება. ვგულისხმობთ, რომ წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ 5.6%, თუმცა ვფიქრობ, რომ ზრდა მეტი იქნება.
თუ საპროცენტო განაკვეთები ამერიკაში ან ევროპაში შემცირდება, შეიძლება ქვეყანაში არსებული საპროცენტო განაკვეთები გადაიხედოს შემცირებისკენ, რაც ერთის მხრივ ფიზიკური პირებისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება.
წელს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან ის ბევრ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული,“-აცხადებს ბუცხრიკიძე.
მისივე ინფორმაციით, ქართული ბანკები დაფინანსებას ძირითადად ლოკალური დეპოზიტებით იღებენ, ამასთან, მათი დაფინანსება ამერიკულ საპროცენტო განაკვეთებზეა დამოკიდებული, შესაბამისად საერთო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, საქართველოზე გავლენას ირიბად მოახდენს.
თუ რა ვადაში მოხდება აღნიშნული ცვლილებები, ამაზე ბუცხრიკიძე კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.
TBC ბანკის გენერალური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ეკონომისტების პროგნოზი მიმდინარე წელს ძალიან ოპტიმისტურია და მოსალოდნელ გამოწვევებს არ ელიან.