მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ცარიელი საოფისე სივრცეების ფართობმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - მიზეზები

64aff832204cb
ლიკა მეგუთნიშვილი
16.07.23 00:00
7675
2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცარიელი საოფისე სივრცის საერთო ფართობმა რეკორდული მაჩვენებელი, 294 მილიონი კვ.მ შეადგინა. ყველაზე დიდი ფართობის, 23.1 მილიონი კვ.მ-ის ცარიელი ოფისები ნიუ-იორკს აქვს, რომელსაც ვაშინგტონი და ჩიკაგო, 22.5 და 19.2 მილიონი კვ.მ ცარიელი ოფისების რაოდენობით მოსდევს.

გასული წელი ოფისების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მფლობელმა, "ბრუკფილდმა" 161 მილიონი დოლარის დაუფარავი სასესხო ვალდებულებით დაასრულა, რაც მან ვაშინგტონში მდებარე 12 საოფისე ფართის დასაფარად აიღო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს არც თუ ისე გონივრული ნაბიჯი იყო. მიზეზი მარტივია. პანდემიის შემდეგ ოფისში სიარულზე უარს სულ უფრო მეტი მოქალაქე ამბობს, რისი ალტერნატივაც სახლიდან მუშაობაა. ეს მოცემულობა აშშ-ის ყველა შტატზე აისახება.

მაგალითად, ვაშინგტონში თავისუფალი ოფისების რაოდენობა 21%-მდე გაიზარდა და ოფისების დიდი ნაწილი საცხოვრებელ სახლებად გადაკეთდა, ნაწილი კი, საერთოდ დაცარიელდა.

შტატებიდან თავისუფალი ოფისების რაოდენობა ყველაზე მკვეთრად, 27%-მდე სან-ფრანცისკოში გაიზარდა, პანდემიამდე კი, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო. სწორედ ამის შედეგია ის, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია, Salesforce-მა, ხარჯების შემცირების მიზნით, სან-ფრანცისკოს ცენტრში, 32 000 კვ.მ ფართობზე მდებარე 30-სართულიანი საოფისე შენობა დატოვა და ახლა ის, სრულად ცარიელია.

დაცარიელებული ოფისების რიგებში ეწერება ლოს-ანჯელესში მდებარე ისტორიული შენობაც, რომლის რეკონსტრუქციასა და ოფისად გადაკეთებაზე Rising Realty Partners-მა 35 მილიონი დოლარი დახარჯა. თითქმის 100 000 კვ.მ ფართობზე მდებარე ოფისი, თანამშრომლებისგან ახლა სრულიად დაცლილია.

ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ყოველთვიურად შტატებში მდებარე 5-დან 10-მდე საოფისე სივრცე დეფოლტის რეალური საფრთხის წინაშეა.

დამატებით პრობლემას ქმნის სასესხო ვალდებულებებიც, გამომიდინარე იქიდან, რომ უამრავი საოფისე შენობა მოკლევადიანი საბანკო სესხით ფინანსდება. Morgan Stanley-ის შეფასებით, 2025 წლის ბოლოსთვის, დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარი იქნება გადასახდელი, რაც პოტენციურად სესხების შეუსრულებლობის ტალღას განაპირობებს.

ქონების ღირებულების მკვეთრი ვარდნა პირდაპირ კავშირშია ბანკების მკვეთრ ზარალთან. ეს განსაკუთრებით მცირე და რეგიონულ ბანკებს ეხება, რომლებზეც აშშ-ის საოფისე ფართებზე გაცემული სესხების დიდი წილი მოდის. იმ შემთხვევაში, თუ ეს სასესხო პორტფელი გაუარესდება, ბანკებს, შესაძლოა, რეიტინგის დაქვეითება და უფრო მაღალი საკრედიტო ზარალი დაემუქროს.

მსხვილი ბანკებისთვის კი, როგორც ფედერალური სარეზერვო ბანკის ბოლოდროინდელი სტრეს-ტესტი აჩვენებს, კომერციული ქონების ღირებულების 40%-ით კლებამ შეიძლება კომერციული სესხების პორტფელზე 65 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვიოს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აშშ-ის ზოგიერთმა ბანკმა სესხის არსებული პირობების გახანგრძლივების ან ვალის რესტრუქტურიზაციას გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარად, ბანკები მზად არიან ახალი სასესხო ხელშეკრულებები გააფორმონ, რათა კომერციული სესხის პორტფელის ზარალი თავიდან აიცილონ.